მედიაში გავრცელებული ინფორამციით რუსი ოკუპანტები საზღვრების გამოწევის დროს საბჭოთა ადმინისტრაციული საზღვრებით ხელმძღვანელობენ და მავთულხლართებს სწორედ იქ ავლებენ, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა. თუ აღნიშნული მცოცავი ოკუპაციის მთავარი მიზანი სწორედ ესაა, გამოდის, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდება.
მაისში ზემოთ ხსენებულზე უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სოფელ დიცში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საზღვრების მონიშვნა, საბჭოთა პერიოდის რუკების მიხედვით მიმდინარეობდა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის მონაკვეთის საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსი ოკუპანტები სოფელ ყარაფილადან ერთი კილომეტრით გადმოიწევენ.
“ბაქო-სუფსას მილსადენი გადის ერთი კილომეტრის დაშორებით სოფელ ყარაფილიდან. შესაბამისად, გარდა სოფლისა, მათ კიდევ ერთი კილომეტრით წინ უნდა წამოიწიონ, რათა ამ მილსადენის გარკვეული მონაკვეთი მოექცეს მათ განკარგულებაში. თეორიული დაშვების შემთხვევაში, მილსადენის მაქსიმუმ კილომეტრიანი მონაკვეთი მოექცევა მათ ე.წ. საზღვრებს შიგნით. ბაქო-სუფსის ოპერირებას არანაირი პრობლემა არ ექნება, რადგან ეს არის მიწისქვეშა მილსადენი. ერთადერთი განსხვავება ამ მონაკვეთის სხვა ასობით კილომეტრი მილსადენისგან იქნება ის, რომ BP-ს შემომვლელები ვერ შეძლებენ შემოვლას”, _ აღნიშნა ელოშვილმა.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მცოცავი ანექსიის შედეგად ბაქო-სუფსის მილსადენზე რუსეთის მხრიდან კონტროლის დამყარებას სათუოს უწოდებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ევროპული ქვეყნებისა და კომპანიების ინტერესები იკვეთება.
“არამგონია, რომ მცოცავი ანექსიის შედეგად ბაქო -სუფსის მილსადენზე კონტროლის დამყარება მოხდეს, რადგან იქ ევროპული სახელმწიფოებისა და ევროპული კომპანიების ინტერესები იკვეთება. პირველ რიგში კი BP -ის ინტერესები, რომელიც ბაქო-სუფსის მშენებლობის პროცესში მთავარი საოპერატორო კომპანიაა. ამიტომაც ეს ტერიტორია კონკრეტული კომპანიის კონტროლქვეშ იმყოფება და არამგონია ასე მოხდეს. გეოგრაფიული თვალსაზრისითაც დაშორებულია საოკუპაციო ხაზს, სადაც რუსები მავთულხლართებს ავლებენ”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ჩიტაძე.
ჩიტაძის ამ მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და აღნიშნავს, რომ რუსეთი ფრთებს ასე არ გაშლის.
“ნაკლებსავარაუდოა, რადგან თუ ოკუპანტი ისეთ გადაადგილებას გაუკეთებს ამ სასაზღვრო ზოლს, რომ მილსადენს თავის გავლენის ქვეშ მოაქცევს, ეს იქნება მსჯელობის საგანი არამარტო ქართველებისა და რუსების, არამედ საერთაშორისო საზოგადოების. განსაკუთრებით იმ ნაწილის და იმ ბიზნეს წრეების, რომელთაც ამ მილსადენში სახსრები აქვთ ჩადებული და ნავთობსადენის გარშემო რისკის გაზრდა მათთვის მიუღებელია. არამგონია რუსეთმა ფრთები ასე გაშალოს” , _ ამბობს საყვარელიძე.
თუმცა, პოლიტოლოგებისგან განსხვავებით, სხვაგვარად ფიქრობს “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია. მისი განმარტებით რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედება არათუ შეუძლებელი, ლოგიკურიცაა, რადგან მათი სტრატეგიული ამოცანა, სწორედ მილსადენზე კონტროლის მოპოვებაა.
“შესაძლებლობებზე მარჩიელობა არ ღირს, რადგან რუსეთისგან ეს გასაკვირი არაა. პირიქით, ძალიან ლოგიკური იქნება, რადგან მილსადენებზე კონტროლი რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა. ამას პლუს, როგორც ზაქარეიშვილმა მაისში თქვა, ამ მავთულხლართების გადმოწევა საბჭოთა რუკის მიხედვით ხდება, რომელიც ნამდვილად გულისხმობს იმას, რომ მილსადენების გარკვეული მონაკვეთი მავთულხლართებს იქით მოხვდება.
თუ მოვლენები მართლაც ასე განვითარდა, ეს რეგიონალურ პრობლემებს გამოიწვევს, რადგან აქ ჩართულია აზერბაიჯანი, BP, რომელიც უმსხვილესი კომპანიაა. ასევე, გაჩნდება ევროპული სახელმწიფოების ინტერესები. ეს ნავთობი საბოლოო ჯამში ხომ დასავლეთში მიდის, შესაბამისად შესაძლოა ამ პრობლემის გაჩენამ საკითხის მოგვარებაში ბევრად მეტი აქტორი ჩაითრიოს, რაც თავის მხრივ რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს. სამწუხაროა, რომ დღემდე ეს საკითხი არ იყო გაშლილი და არც სახელმწიფოს მხრიდან სათანამოდ გამოყენებული, როგორც რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი საშუალება“, _ უთხრა “გურია ნიუსს” ხოშტარიამ.