რამდენად შესაძლებელია პრემიერის გამოსვლები მართლაც მისდამი სიმპატიების მიხედვით სხვადასხვაგვარად აღიქმებოდეს? მით უმეტეს, რომ ივანიშვილის 4 დღის წინ ექპერტებთან გამართულ შეხვედრას, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე უცხოური მედიის მხრიდანაც ერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა?
4 საათის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრა, სადაც პრემიერს ექსპერტების კითხვებისთის უნდა მოესმინა და ერთმანეთისთვის გარკვეული კონსულტაციები გაეწიათ, აბსოლუტურად სხვაგვარ რეჟიმში წარიმართა. ექსპერტები მათ მიერ მოყვანილი ფაქტების, გამოთქმული ვარაუდების, ანონსებისა და მოსაზრებების გამო დაიტუქსნენ.
თავად შეხვედრის მონაწილე ექსპერტთა უმრავლესობამაც ეს ვიზიტი უარყოფითად შეაფასა.
შევხედრის მონაწილე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ “პრემიერის შესაფასებელი არაა, როგორ პოზიციას დავიკავებ. ის შეიძლება დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს ექსპერტის ნათქვამს, მაგრამ თუ მას, როგორც პოლიტიკოსს რამე არ აწყობს, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ექსპერტი ობიექტურობასთან ახლოსაა”.
პრემიერისა და ექსპერტების შეხვედრას უცხოური მედიასაშულებებიც გამოეხმაურნენ. გამოცემა Eurasianet წერს, რომ არჩევნების წინ, პრემიერ-მინისტრმა ოთხი საათი დაუთმო ტელევიზიით პოლიტიკური ანალიტიკოსების გაკიცხვას, რადგან ისინი “სათანადოდ ვერ აფასებდნენ” მისი მთავრობის მიღწეულ წარმატებას.
სტატიის ავტორის თქმით, თერთმეტმა ქართველმა პოლიტანალიტიკოსმა აშკარად გააღიზიანა პრემიერ-მინისტრი თავიანთი “არასწორი” მოსაზრებებით, დაწყებული ეკონომიკიდან, დამთავრებული ივანიშვილის ახალბედა კოალიცია “ქართული ოცნების” საპარლამენტო მუშაობის განხილვით.
“იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ყურადღებით ადევნებს ის თვალს ანალიტიკოსებს, ივანიშვილმა გაზეთები მოიშველია და გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან ციტირებდა ექსპერტთა გამონათქვამებს. როგორც საბჭოთა ეპოქის “კრიტიკისა და თვითკრიტიკის” სესიის მონაწილის მსგავსად, ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპერტებმა უფრო მეტად უნდა გაფილტრონ თავიანთი კომენტარები”, _ წერს სტატიის ავტორი მოლი კორსო.
აღსანიშნავია, რომ პრემიერისთვის დიალოგის ასეთ ფორმატში წარმართვა პირველი შემთხვევა არაა. მსუბუქად, რომ ვთქვათ მას არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება თუნდაც ჟურნალსიტების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე.
ჟურნალისტი თელარა გელანტია “გურია ნიუსთან” საუბარში მის მიერ დასმული შეკითხვის გამო პრემიერთან კამათს იხსენებს.
“ჩემი პრემიერთან “შერკინება”, ჩემს მიერ დასმულ ერთ უწყინარ და ერთი შეხედვით მარტივ კითხვას მოჰყვა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამას შეეხებოდა და რაც გლეხებისთვის სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებას შეეხებოდა. როგორც ჟურნალისტი დავინტერესდი, გარდა თანხობრივი მოცულობისა, რითი იქნებოდა ეს ბარათები წინა ხელისუფლების მიერ დარიგებული სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებისგან განსხვავებული. სწორედ ამ შედარებამ გააღიზიანა პრემიერი და რატომღაც მან ჩათვალა, რომ მე ახალი პროექტის დაკნინებას ვცდილობდი. ჩვენი პოლემიკა დაახლოებით, 5-8 წუთი გაგრძელდა. პრემიერი აშკარად გაცხარებული იყო და ბრაზობდა, როცა მე კონკრეტული არგუმენტები მოვუყვანე.
“ზოგადად, თუ დავაკვირდებით, მას ყველა მწვავე და კრიტიკულ კითხვაზე ასეთი რეაქცია აქვს, რაც ჩემი აზრით, მიუღებელია. არავის და მით უმეტეს, მთავრობის მეთაურს არ აქვს უფლება ჟურნალისტს კითხვა შეუსწოროს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჟურნალისტი ფაქტობრივ შეცდომას უშვებს). ის ვალდებულია, შეეცადოს და ყველა მწვავე კითხვაზე გასცეს პასუხი. ასევე, აბსოლუტურად უჩვეულოდ მეჩვენა ბიძინა ივანიშვილის ექსპერტებთან შეხვედრა და ის ტონი, რითაც პრემიერი მათ მიმართავდა. დატუქსა იმის გამო, რატომ ფიქრობთ ასე და არ ფიქრობთ ისე, როგორც მთავრობა ფიქრობსო. ეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნამდვილად არ არის.
“თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ პრაქტიკა, როცა ბიძინა ივანიშვილი პერმამენტულად ხვდება მედიას და პასუხობს მათ კითხვებს, ნამდვილად დასაფასებელია”.
სად გადის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ზღვარი? რა ტენდენციებს ამვკიდრებს ქვეყნის მთავრობის მეთაურის მიერ მსგავსი მანერით საუბრები და როგორ გავლენას ახდენს ეს მისსა და ქვეყნის იმიჯზე?
საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი ნინო ნახუცრიშვილი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ პრემიერის მსგავსი შევხედრები და საუბრები ცილდება დემოკრატიული ქვეყნის ღირებულებებს.
“როდესაც, იქნებ ეს ჟურნალისტი, ექსპერტი თუ უბრალო მოქალაქე, საჯაროდ გამოთქმული აზრისთვის ან შეკითხვისთვის იტუქსება, თანაც საჯაროდ და პრემიერის მხრიდან, შეურაცხმყოფელია. ალბათ ყველაზე არადემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანისთვისაც კი ეს ტონი მიუღებელი იქნებოდა.
“რაც შეეხება ექსპერტებთან შეხვედრის თემას, მათთან პრემიერის შეხვედრა წინასწარ დაგეგმილ სპექტაკლს ჰგავდა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრემიერი ძალიან კარგად მოემზადა ან მოამზადეს, რადგან არ მახსენდება სხვა შეხვედრები, რომელზეც ასე მომზადებული ყოფილიყო. საკმაოდ თანმიმდევრულად საუბრობდა და იცოდა რა უნდა ეთქვა. ეს შეხვედრა მხოლოდ იმისთვის არ ყოფილა რომ, როგორც ამბობენ, ექპერტები დაეტუქსა, ამით საზოგადოებაში მათ მიმართ გარკვეული წარმოდგენა ჩამოაყალიბა, გაამყარა საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება. ახლა მათ მიმართ უფრო მეტი უნდობლობა გაჩნდება, რადგან პრემიერი ჯერ კიდევ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
“ისმის კითხვა რას უნდა ემსახურებოდეს ეს? ცხადია საღ და ობიექტურ აზრთან ბრძოლას. ეს იყო იარაღი ერთპიროვნული მმართველობისთვის.
“მან შეხვედრაზე არაერთხელ გაუსვა ხაზი, იმას რომ მისი დამსახურებაა ყველაფერი კარგი, რაც ხდება. ეს ერთმნიშვნელოვნად უსვავს ხაზს კონკრეტული პიროვნების როლის წინ წამოწევას, რომ თითქოს მხოლოდ მთავრობის ხელმძღვანელზეა მინისტრებისა და მთავრობის წევრების “პატიოსნება” და კეთილსინდისიერება დამოკიდებული.
“ამგვარი ტონი მართლაც გავს ბავშვის დატუქსვას, მაგრამ უნდა აღინიშნობს, რომ “ბავშვები” როგორც კი “მშობლების” თვალთახედვას მოსცილდებიან, მაინც იმას აკეთებენ, რაც სურთ“ , _ განმარტავს ნახუცრიშვილი და დასძენს, რომ ასეთი ტიპის საჯარო შეხვედრები მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, დასავლეთის თვალში უარყოფით დამოკიდებულებას ზრდის.
“დასავლეთის, ყველა მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყნის თვალში, ეს შეხვედრა ცხადია, უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევდა . მსგავსი ტონი მიუღებელია დემოკრატიულ რეალობაში, მაგრამ ეს შეხვედრა ძალიან შორს იყო ამ რეალობისგან და რაღაც უფრო კომუნისტურ, სოციალისტურ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ.
“ივანიშვილი ცდილობს არა ჯანსაღი გუნდის შექმნას, რომელსაც კარგად გააზრებული ექნება რა უნდა ქვეყნისთვის, არამედ ქმნის გუნდს , რომლის ავტორიტეტი არის თავად და მისი სიტყვა კანონია”, _ ამბობს საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი.