როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,საქართველოს ტერიტორიების ანექსია პირველ რიგში ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ნებას და მეორე, საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს.
“ვთვლით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და დიპლომატიურმა კორპუსმა უფრო მწვავე განცხადებები უნდა გააკეთონ. ხოლო, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი ტერიტორიების ანექსიის და ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის შესახებ. დაუშვებელია, 21–ე საუკუნეში, როცა ადამიანის უფლებები გამყარებულია ევროპის კონვენციით და გაეროს რეზოლუციებით, ამგვარი ვანდალური ფაქტი ხდებოდეს საქართველოში. კერძოდ, რუსული საოკუპაციო ჯარები უხეშად არღვევენ სახელმწიფო საზღვრებს და ახორციელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს. რუსი მესაზღვრეები გეგმაზომიერად ახდენენ ადმინისტრაციული საზღვრების დემარკაციას, აწყობენ საკონტროლო–სასაზღვრო ზოლებს მავთულხლართების და სხვა სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით.
მტკივნეულია, როდესაც მავთულხლართებით ყოფენ ქართულ მიწას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმიანება ჟურნალისტების მიერ წამოწყებულ მშვიდობიან საპროტესტო ტალღას და თავის პოზიციას გამოხატავს ანექსიის წინააღმდეგ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ:
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ მშვიდობიან საპროტესტო აქციას. გასვლა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისიდან 11:00 საათზე. მისამართი: ძმ.ზუბალაშვილების ქ.36.” _ ნათქვამია განცხადებაში.