როგორც ანგარიშიდან ირკვევა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, 4 თვის განმავლობაში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 1330 ფაქტი გამოავლინა. 2013 წლის, 14 მაისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, დეპარტამენტმა 1280 ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე 50 ფაქტი აღრიცხა.
ანგარიშის მიხედვით, დეპარტამენტი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გარდა, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების შემოწმებასაც ახორციელებს.
“შემოწმდა ხე-ტყის დამზადების 8 სპეციალური ლიცენზია. მათგან 5 საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოებს გადაეცათ. მზადდება მასალები 2 ლიცენზიის შემოწმების შედეგების საგამოძიებო ორგანოებში გადასაგზავნად. ასევე, გამოვლინდა წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევის 366 ფაქტი. ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევების შედეგად გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 2 მილიონ 079 582 ლარი შეადგინა”, _ აღნიშნულია დეპარტამენტის ანგარიშში.