“თუ რამით არ დამეხმარებიან, იძულებული ვხდები, გზა გადავკეტო,” _ აცხადებს რობაქიძე, რომელიც გამგებელს კაბინეტის მისაღებში ელოდება.
გულიკო რობაქიძის სახლი სექტემბერში მომხდარი სტიქიის გამო, მძიმე მდგომარეობაშია. ძლიერი ქარის შედეგად სახლის სახურავი მნიშვნელოვნად დაზიანდა და დედა-შვილს ცხოვრება ერთ ოთახში უწევთ.
“მაწვიმს სახლში, წინ დიდი ზამთარი გველოდება და რას გვერჩიან, არ ვიცი. თუ არ დამეხმარებიან, იძულებული ვხდები, გზა გადავკეტო. ძლიერმა ქარმა სახლზე სახურავი გადამიძრო და ღია ცის ქვეშ დავრჩით. იატაკიც კი არ გვაქვს. ცემენტზე ვართ.
10 სექტემბერს შემოვიტანე განცხადება, 16-ში ხაჯალიას სკოლა გაიხსნა, სადაც გამგებელი ზაზა ურუშაძე ესწრებოდა. ჩვენი სოფლის რწმუნებულმა მოიყვანა ჩემთან სახლში, ვიღაც ახლდა აპარატით და ფოტოები გადაიღეს. დამპირდა, გამოვაგზავნი ხალხს და ყველაფერს მოვინახულებთო. დღეს მოვედი პასუხისთვის და ისევ არაფერი. ხელახლა უნდა გამოვაგზავნოთ კომისიაო, მაგრამ მას შემდეგ სანახავადაც არავინ მოსულა. გამგებელთან შესვლაც კი ვერ მოვახერხე. მოვდივარ, მაგრამ უკან ისევ უპასუხოდ ვბრუნდები. ვითხოვ, დამეხმარონ. სად დავიძინოთ ან სად ვიცხოვროთ, არ ვიცით…” _ აცხადებს რობაქიძე.
მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გამგებელი რობაქიძეს შეხვდა და პრობლემის მოგვარებასაც დაჰპირდა.
“გამგებელმა თემის რწმუნებულს დაავალა ადგილზე მივიდეს და მდგომარეობა შეისწავლოს, რის შემდეგაც მისთვის დახმარების გზები გამოიძებნება,” _ განუცხადა “გურია ნიუსს” მაკა სულაბერიძემ.
ხაჯალიას რწმუნებული ირაკლი გუჯაბიძე აღნიშნავს, რომ “ოჯახი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია”.
“სახურავი ნაწილობრივ არის შესაკეთებელი, რისთვისაც როგორც საფარის, ისე ხეობის შეცვლაა საჭირო. დღესაც ვიყავი მისული, დამატებით დავათვალიერეთ დეტალები და დავასურათეთ. ხელოსანიც მყავდა გაგზავნილი, ჩავიწერეთ რა არის საჭირო,” _ უთხრა “გურია ნიუსს” გუჯაბიძემ.