გიორგი მარგველაშვილი დღეს ქობულეთისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას შეხვდა. კოალიციის კანდიდატმა ამომრჩევლების პრობლემები მოისმინა და მათ საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატი საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა. ამომრჩევლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კოალიციის ლიდერები: არმაზ ახვლედიანი, დავით ბერძენიშვილი, მურმან დუმბაძე და ფატი ხალვაში, ასევე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე.
როგორც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი კოალიციის ღირსეული და უალტერნატივო კანდიდატია, მას ყველაზე კარგად ესმის სამართლიანობის ფასი და მზად არის თავის ხალხს და ქვეყანას უანგაროდ ემსახუროს.
“გიორგი მარგველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ 27 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს თავმდაბალი, ერთგული და სამოქალაქო კულტურის მქონე კანდიდატის სასარგებლოდ,” _ განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ თითოეული შეხვედრა მოსახლეობასთან პოზიტივითა და უკეთესი მომავლის რწმენით არის აღსავსე და ამ მხრივ არც ეს დღე იყო გამონაკლისი.
“იყო სითბო, იყო მზაობა იმისათვის, რომ ამოვუდგეთ მხარში ერთმანეთს და მე ამ პოზიტივით განმსჭვალული ვტოვებ შეხვედრას მომავალი შეხვედრების იმედით,” _ განაცხადა დავით სერგეენკომ.
გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მალე სრულიად სხვა ქვეყანა იქნება, არა რომელიმე პარტიის ან ლიდერის ქვეყანა, არამედ საქართველოს მოქალაქეების ქვეყანა. “ეს იქნება სრულიად სხვა ქვეყანა ვიდრე ჩვენ გვინახავს. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის, რომელიმე ლიდერის ქვეყანა, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს რომ 27-ში ჩემი არჩევით ძალაუფლება მე კი არ გადმომეცემა, არამედ უბრუნდება ხალხს _ მათ ვისაც ეს ძალაუფლება რეალურად ეკუთვნის,” _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩევლებს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო და მათ დაპირდა, რომ მისი გამარჯვების შემდეგ მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტი და ხალხი ერთად დადგება უკეთესი საქართველოს მშენებლობისთვის.
ხვალ “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდება.
(R)