გიორგი მარგველაშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა საქართველოს დღეს ჰყავს არა ევროპული ტიპის ხელისუფლება, არამედ ტიპიურად ევროპული ხელისუფლება, რომლის მთავარი გამოწვევაც ეკონომიკის გაძლიერება და სამუშაო ადგილების შექმნაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას არჩევნებზე აქტიურობისკენ და გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
“გიორგი მარგველაშვილი არის გენიალური მენეჯერი, რომელმაც განათლების სისტემაში ყველაზე ნაკლები თანხებით მოახერხა ეფექტური რეფორმების გატარება. გიორგის უამრავი თვისება გააჩნია, რომ ჩვენ ვიამაყოთ ახალი პრეზიდენტით,” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა ის კლიშე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ძირითადი გეოპოლიტიკური როლი რუსეთთან დაპირისპირებაში მდგომარეობდა.
“ახალმა მთავრობამ ისე მოახერხა სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, რომ ამით ქვეყნის ევროპულ ვექტორს არაფერი დააკლდა,” _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რის დასტურადაც ვილნიუსის მომავალი სამიტი დაასახელა.
საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ წარმატებული სახელმწიფო აქტიური მოქალაქის გარეშე ვერ შედგება. “ის ახალი საქართველო, რომელზეც ვსაუბრობთ ვერ შედგება მოქალაქეების აქტიური ჩართულობის გარეშე. 27 ოქტომბერმა უნდა აჩვენოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთი მიმართულებით იყურება.”(R)