ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” თვითონ შანიძემაც დაუდასტურა და აღნიშნა, რომ 11 ოქტომბერს აღნიშნულ თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნება.
აღნიშნული კომპანიის დირექტორის თანამდებობა ბოლო წლების განმავლობაში თბილისელ დავით ლეკიშვილს ეკავა, რომელიც ამიერიდან “სოკარის” გენერალურ ინსპექციის უფროსი იქნება.
გოჩა შანიძე ოზურგეთელია და ის არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის თავმჯდომარე და ასევე ჩაის ფაბრიკა “გეო-პლანტის” დირექტორი იყო.
ამასთან, შანიძე 2008 წლის მოწვევის პარლამენტში 2010 წლიდან ოზურგეთს მას შემდეგ წარმოადგენდა, რაც დეპუტატმა ანზორ ერქომაიშვილმა მანდატი დატოვა.
შანიძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაცმოძრაობის” სიაში 76-ე ნომერი იყო. თუმცა, ამჯერად პარლამენტში ვერ მოხვდა. დეპუტატმა პარლამენტარობის დროს, საზოგადოებას თავი გადაცემიდან “აკრედიტაციის გარეშე” დაამახსოვრა, როდესაც ჟურნალისტ შალვა რამიშვილის შეკითხვაზე, აქვს თუ არა ნაკლი პრეზიდენტს, კარგა ხნის ფიქრის შემდეგ, მეტად ორიგინალური პასუხი გასცა – დრო!