_ არ მივდივარ, გადავდივარ. მართვის სამსახურს ვუტოვებ ამათ და გიორგის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ივანიშვილმა.
_ როგორც თქვით მესამე სექტორში გადადიხართ ექვს-შვიდ პერსონასთან ერთად….
_ დიახ. ამას დიდი თანხები არ სჭირდება. ეს ეწყინათ ჟურნალისტებს თუ ექსპერტებს,მაგრამ თუ მათ სურვილს დასჭირდება და იქნება მოთხოვნილება იმაზე, რომ პროფესიონალიზმის და კვალიფიკაციის ამაღლება მოხდეს, თანხები შეიძლება, დასჭირდეს და მართლაც მაქვს ამის განწყობა, მაგრამ ის, რომ სამოქალაქო სექტორი ზედმეტად ფულით გადავახუროთ, ეს ასე არ იგეგმება. რამდენიმე თანამშრომელი დამჭირდება მე იქ, მაქვს გეგმაში ჩადებული, თუ როგორ უნდა მოვახერხო და დავეხმარო საზოგადოებას.
_ არ მიდიხართ, არ ხარჯავთ ფულს და აპირებთ განავითაროთ მესამე სექტორი, ასე იყო მაშინაც, როცა თავისუფლების ინსტიტუტი მართავდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ისევ იმ გზაზე ხომ არ მივდივართ? მით უმეტეს, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს ქვეყანაში და სადაც არ უნდა წახვიდეთ მაინც ასე იქნება…
_ არ იქნება ასე, თავისუფლების ინსტიტუტი მართავდა კულისებიდან. ჩემი ცხოვრების წესი თუ გინახავთ, არც ვიკადრებ და არც უნდა მაკადროთ, რა მჭირს მაგის ფასი. თუ სურვილი მექნებოდა, გაცილებით ადრეც მოვიდოდი პოლიტიკაში, რა მიშლიდა ხელს რომ ნებისმიერი არჩევნების დროს მოვსულიყავი პოლიტიკაში და მქონდა დიდი შანსი გამარჯვების. ამის სურვილი არ გამაჩნდა და ახლა რა მეტაკება?! მინდა, რომ მესამე სექტორში ვიყო. რა დაინახეთ ამაში ასეთი? მოვედი, როდესაც ქვეყანას დასჭირდა და გავაკეთე კარგად და ახლა, ამის შემდგომ რომ თქვათ, მიდის ან გარბის, ან ეშინია, ან კულისებიდან უნდა მართოს. ჩემთვის ეს მიუღებელია. მე ვიცი საზოგადოების აქტიური ნაწილის პროფესიონალიზმის დონე და აბსოლუტურად გაგებით ვეკიდები ამას. ისე შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი, რამეთუ ჩემი ცხოვრების წესი ასეთ კითხვებს არ იმსახურებს. მე ისეთი არაფერი არ გამიკეთებია დაბადებიდან და განსაკუთრებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ვიყავი და იქაც, როცა რუსეთში ვიყავი, ვასრულებდი ყველა იმ ფუნქციას, რაც მე მეკისრა. ახლა ეს ყველაფერი, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ააგორა და მხარდამჭერებმაც კი აიტაცეს, რომ გარბის, შეეშინდა ან კულისებიდან უნდა მართოს, არ არის ეს ასე. თუმცა, ეს თქვენი აზრია და გამოთქვით, როგორც თქვენ გსურთ. თქვენს შეკითხვაში უკვე პოზიცია ფიქსირდება და როდესაც ეს კითხვა გიჩნდება, იქაც კი არგუმენტაციაა საჭირო, მაგრამ ეს თქვენი უფლებაა… გავლენა, რა თქმა უნდა, მექნება. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს გავლენა. სახელმწიფო სტრუქტურებზე და პოლიტიკაზე მექნება გავლენა. საზოგადოების გავლენას გავზრდი მე. მე მთავრობის წევრი კი არ ვიქნები, მთავრობას კი არ გადავწონი, რამაც, შეიძლება, ზიანი მოუტანოს მთავრობას, არამედ ის ჭარბი წონა, ის ჭარბი ნდობა, რაც, დღესდღეობით, მაქვს მე, რაც გამაჩნია. ერთ პატარა ნაწილს კი არ დავუთმობ, ძირითად ნაწილს მოვახმარ. ჩემი გადასვლით საზოგადოების წონა გაიზრდება, საზოგადოების სიტყვის ფასი და საზოგადოების მოთხოვნა და კონტროლი გაძლიერდება და მე საზოგადოებასთან ერთად გავაკეთებ იმას, რაც ევალება და ხელეწიფება საზოგადოებას.
ინტერვიუს ვიდეო ვერსია შეგიძლია იხილოთ აქ.