წარსულში წარმატებულმა “ენჯეოშნიკმა” გოჩა შანიძემ სადეპუტატო მანდატი მას შემდეგ მოიპოვა, რაც საქართველოს პარლამენტი ანზორ ერქომაიშვილმა არჩევნებიდან რამდენიმე თვეში დატოვა.
“გურია ნიუსის” სტუმარია ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გოჩა შანიძე. ერთად გავეცნოთ, რას ფიქრობს ჩვენი წარმომადგენელი, რომელსაც ხმები ვანდეთ.
_ ბატონო გოჩა, როგორ შეაფასებდით 26 მაისის მოვლენებს საქართველოში?
_ მე რომ მაგ კითხვაზე პასუხი გაგცეთ, პარალელურად უნდა ვხედავდე შენს პოზიციას. იგივე ბურჯანაძის, ბიწაძის. მაინტერესებს, მათ ქმედებასთან მიმართებაში შენი პოზიცია როგორია?
_ ბატონო გოჩა, მე როგორც ჟურნალისტი, ჩემს პოზიციას ვერ გამოვხატავ. გეკითხებით თქვენ და თქვენი მოსაზრება მაინტერესებს.
_ მაშინ ცალსახა გამოდის. თუმცა, გეტყვით, რომ ეს გამოწვეული იყო წმინდა რუსული პროვოკაციით, რუსული დაფინანსებით ორგანიზებული ღონისძიების შედეგად. რა შედეგებიც მოყვა, ეს სწორხაზოვანი იყო შესაბამისი რეაქციით. იქ ცუდი მოხდა, თუ კარგი, შედეგი ეს იყო. ჩვენ მორალს ვუყურებთ მხოლოდ ერთი, კონკრეტული ფაქტიდან, შედეგიდან, მიზეზი კი არ გვაინტერესებს. ასე საქართველო სახელმწიფოდ არ იქცევა. საზოგადოების დამოკიდებულება ჯანსაღი იყო ამ ფაქტის მიმართ? ძალიან მწყდება გული და მტკივნეულია, რაც “გურია ნიუსის” ჟურნალისტს, ნატო გოგელიას შეემთხვა და რაც საერთოდ მოხდა _ ადამიანები დაიღუპნენ. ეს არაადამაინურობაა, როდესაც მანქანა თავზე გადაგივლის, ამაზე მეტი საცოდაობა რა უნდა იყოს? ან, თუნდაც, ელექტროსადენებში გარდაცვლილი ადამიანი. გეკითხებით , იმ შედეგების გამოწვევამდე, ამის მიზეზი რა იყო? აზრი არ აქვს არაფერზე საუბარს. ხვალ, შეიძლება, უარესი სიტუაცია განმეორდეს. იგივე არ მოხდა 90-იან წლებში? რატომ დაიწყო სამოქალაქო ომი? სწორედ მასეთ ქმედებას მოჰყვა რეაგირება. რუსული ფული, რუსული ტანკი, რუსული იარაღი და დაიწყო სროლა რუსთაველზე. არ გახსოვთ, რა ხდებოდა იმ წლებში? ეს მოხდა 20 წლის უკან. თქვენც ამას უნდა გასცეთ პასუხი და ამ კუთხით უნდა წახვიდეთ. ჯიპით თავზე გადაუარეს კაცს. მითხარით, ამაზე საშინელება რა არის?
_ თქვენ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტს ასახელებთ, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ იმაზე რას იტყვით, რომ ამდენი უდანაშაულო ადამიანი მოათავსეს საპყრობილეებში? როგორც თვითმხილველები “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობენ, მიწაზე გართხმულ ხალხს უმოწყალოდ სცემდნენ, აფურთხებდნენ, ამცირებდნენ. მათი თქმით, მსხვერპლი გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური წყაროები ასახელებენ.
_ აი, ჩვენ გვინდა ის დავინახოთ მხოლოდ, რაც გვინდა! ეგაა ცუდი. მე ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ და გთხოვ, ასე დაწერეთ _ ეს იყო წმინდა რუსული პროვოკაცია და სამწუხაროდ, აი, ამ რუსულ პროვოკაციას შეეწირა ადამიანების სიცოცხლე. რა სჯობია _ იქ ტანკი იდგეს დღეს და გუგუნებდეს?
_ ბატონო გოჩა, მოდით, პირდაპირ გკითხავთ, რატომ გადაწყვიტეთ პარლამენტის წევრი გამხდარიყავით? ამბობენ, რომ დაგავალეს.
_ საინტერესო მოსაზრებაა! დაავალო ადამიანს, გინდა თუ არა გახდი პარლამენტარიო? ცოტა უცნაურია, არა? ჩემი ცხოვრების სტილით ყოველთვის ვიყავი აქტიური ადამიანი. ყოველთვის მქონდა სურვილი, მეკეთებინა საინტერესო და სასიკეთო საქმე. ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატად საქართველოს პარლამენტში რომ მეყარა კენჭი, სწორედ აქედან გამომდინარეობს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე.
_ დამისახელეთ ოზურგეთში ბოლო ათი წლის განმავლობაში გახორციელებული პროექტი, რომელიც თქვენი აზრით, წარმატებული იყო?
_ კი, ბატონო, რამდენიც გნებავთ. სფეროების მიხედვით გეტყვით, ასე უმჯობესია. მეც ხომ თქვენსავით ოზურგეთში ვცხოვრობ და მეც, თქვენც და ყველა ოზურგეთელს კარგად გვახსოვს, რომ ჩვენს ქალაქამდე ვერ მოაღწევდი უგზობის გამო. ხომ კარგად გვახსოვს, რომ არ იყო შუქი, წყალი, ელემენტარული საარსებო პირობები?! ჩვენ, ყველანი დაუცველნი ვიყავით. 1993-95 წლებში, მე და ლევან მჟავანაძე, ყოველ საღამოს, ერთადერთ კომპიუტერს ბანკის საცავში ვინახავდით. არა იმიტომ, რომ ქურდებისგან და ყაჩაღებისგან ბანკი დაცული იყო. არა! ვინახავდით მხოლოდ და მხოლოდ იმ იმედით, რომ თუ ვინმე ბანკს დააყაჩაღებდა და საცავს გატეხდა, იქედან ფულს წაიღებდა და არა _ კომპიუტერს. ოზურგეთი ხომ მკვდარი ქალაქი იყო. თუ შეგიძლია, მიპასუხე _ დღეს ოზურგეთში, არამარტო ქალაქში, არამედ სოფელშიც, გრძნობს თუ არა უსაფრთხოდ თავს ნებისმიერი მოქალაქე? დაცულია თუ არა მისი ქონება, პირადი თუ საზოგადოებრივი საკუთრება? დასაქმება _ აი პრობლემა, სადაც, პირდაპირ გეტყვით, რომ ნამდვილად არ არის თვალსაჩინო წინსვლა, მაგრამ ამ მიმართულებით, ძირეული ძვრები ხომ ახლახან დაიწყო? ჯანდაცვა _ ვიცი, რომ ძალიან რთული და მძიმე სოციალური ფონია ქვეყანაში და ოზურგეთშიც. პირადად მეც, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ოზურგეთში ჩემი საქმიანობის ძირითად დროს სოციალური მომსახურების სააგენტოში ვატარებ. თბილისში კი _ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში, ან _ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. მაგრამ მოდით, შევხედოთ ყველაფერს ღიად, სათვალეების გარეშე _ როგორი საავადმყოფო გვქონდა და როგორი გვექნება? ამოვიღოთ სტატისტიკა _ რამდენი ადამიანი იღებდა პენსიას თუ დახმარებას ათი წლის უკან და ახლა რამდენს უდრის ასეთ ადამიანთა რიცხვი და მათი პენსია? ახლა ვხვდები, რატომ გაუჭირდა ბატონ ანზორს და რატომ დატოვა მან პარლამენტი. მე მართლა მიჭირს, ვესაუბრო ადამიანს და ვერ დავეხმარო მას, როდესაც იგი გამოუვალ მდგომარეობაშია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მიჭირს იმის გათავისება, რომ ვერანაირად ვერ ეხმარები და ვერ პოულობ მისთვის აუცილებელ, ხშირ შემთხვევაში გადაუდებელი ოპერაციისთვის საჭირო დაფინანსებას. მაგრამ აქაც, სახელმწიფოს მხრიდან, მიზანმიმართული პოლიტიკა ხორციელდება და არ შემიძლია ამის არდანახვა. საპენსიო ასაკამდე, ნებისმიერი ასაკის მოქალაქე, 5-ლარიანი სადაზღვევო პაკეტით დაზღვევის შემთხვევაში, დაცულია კრიტიკული სიტუაციისას. მას სადაზღვევო კომპანიების მიერ უფინანსდება გადაუდებელი მკურნალობის ხარჯები. რატომ არ ვეზღვევით? არ გვაქვს 5 ლარი? რომ გაგვიჭირდება, მაშინ ხომ უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს ათასები? ეს საკმაოდ რთული ფსიქოლოგიაა. ერთ მაგალითს მოგიყვებით: ოზურგეთელი პედაგოგი, რომელიც სარგებლობდა დაზღვევით და 1 320-ლარიანი ოპერაცია 80%-ით სადაზღვევო კომპანიამ დაუფინანსა, დღეს თავისი ხელფასიდან იხდის მეუღლის (არაპედაგოგის) დაზღვევის ღირებულებას. მოდი, თქვენს გაზეთზე ვიტყვი _ “გურია ნიუსი”, ათი წლის წინ, რამდენს იხდიდა მხოლოდ ბენზინში, გენერატორის შუქზე რომ მოეხერხებინა გაზეთის დაკაბადონება? ან ინტერნეტმკითხველებზე შეგეკითხებით _ მგონი, ოზურგეთის მრავალ სოფელში კითხულობენ ინტერნეტით თქვენს გაზეთს. ეს არ არის ცვლილება, წარმატებული პროექტი? გინდათ, სამომავლო პროექტებზეც გეტყვით _ მაგალითად, კურორტ გომისმთისკენ მიმავალი გზა, რომლის მშენებლობა შარშან დაიწყო, სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. ეს ხომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ხვალინდელი დღის ერთ-ერთი ნაწილია. იცით, სხვათაშორის, სწორედ მსგავსი წარმატებული პროექტები იქცა ძირითად მოტივად იმისთვის, რომ მიმეღო გადაწყვეტილება, კენჭი მეყარა არჩევნებში. მე დავინახე, რომ ქვეყანაში შენების ეტაპია, რომ ჩემი ოზურგეთი გამოდის ნგრევის, ძალადობის და უიმედობის პერიოდიდან და მეც შემიძლია, ამ პროცესებში მივიღო მონაწილეობა.
_ თქვენ იყავით წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი. ეთანხმებით თუ არა დამკვიდრებულ აზრს, რომ დღეს საქართველოში არასამთავრობო სექტორი ძალიან შესუსტდა, რამაც დაამკვიდრა კიდეც ტერმინი _ “სამთავრობო არასამთავრობოები”?
_ ტერმინი “სამთავრობო _ არასამთავრობო”, არ ნიშნავს სამოქალაქო სექტორის შესუსტებას. ეს ტერმინი ზუსტად ასახავს არსებულ კანონმდებლობას, სამართლებრივ სივრცეს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ტერმინი _ “არასამთავრობო ორგანიზაცია” ჩაანაცვლა ტერმინმა “არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი”, ე.წ. აიპ. ეს ტერმინი განსაზღვრავს დღეს საზოგადოებრივი კავშირის სამართლებრივ სტატუსს და ხაზს უსვამს მის არამომგებიანობას, არაკომერციულობას. დღეს საქართველოში თუ ოზურგეთში მოქმედი ნებისმიერი კავშირი, იგივე სამართლებრივი სტატუსის მატარებელია, როგორც საქართველოს მთავრობის ან ნებისმიერი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ნებისმიერი აიპ-ი. აქედან გამომდინარე, ვერ დაგეთანხმები, რომ კავშირები ან ასოციაციები შესუსტდნენ, რადგანაც ისინი ერთნაირ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცნენ, როგორც საჯარო სამართალსუბიექტების მიერ დაფუძნებული აიპ-ები. რაც შეეხება გამოთქმას, “შესუსტდა” თუ არა სამოქალაქო სექტორი, ამაშიც ვერ დაგეთანხმები. ავიღოთ, თუნდაც, ოზურგეთში არსებული სიტუაცია. გეთანხმები, ბოლო წლების განმავლობაში, ოზურგეთში ნამდვილად შემცირდა კავშირების, ასოციაციების, სათემო გაერთიანებების რაოდენობა, გაუქმდა და დაიხურა მრავალი სათემო გაერთიანება, ვეღარ ფუნქციონირებს სხვადასხვა პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები. ამასაც აქვს თავისი მიზეზი, მაგრამ უმთავრესი აქ კონკურენციაა. შეიძლება, საერთაშორისო დონორების პასიურობაც დასახელდეს, მაგრამ მოსაზრება, რომ სახელმწიფომ შეგნებულად დახურა ეს ორგანიზაციები _ არასწორია.
მეორეს მხრივ, ვინც დარჩა, ვინც გაუძლო კონკურენციას, ვფიქრობ, მათ ვერანაირად ვუწოდებთ სუსტს, არაკვალიფიციურს, არაკომპეტენტურს. ან რომელ ერთ ვუწოდო: საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირს? ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას? სტუდენტურ-ახალგაზრდულ სათათბიროს? თუ გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს? მგონი, ვერც ერთზე ვერ ვიტყვით, რომ დასუსტდა ან “სამთავრობო” იდეოლოგიის გამტარებელია, როგორც ზოგიერთს უყვარს ამ ტერმინით აპელირება. თუ “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბზე” გინდათ, გაამახვილოთ ყურადღება, გეტყვით _ მე ვამაყობ, რომ არასამთავრობო სექტორიდან მოვდივარ და ვამაყობ, რომ წლების განმავლობაში ოზურგეთის “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის” წევრი ვიყავი. ვამაყობ იმითაც, რომ კლუბის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ შეძლო, უფრო უკეთ წარემართა კლუბის საქმიანობა და უფრო მრავალფეროვან საქმიანობას ეწევა სამოქალაქო ჩართულობის, მოსახლეობის გააქტიურების, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. კლუბი აქტიურად მონაწილეობს ოზურგეთის თვითმმართველობასთან მოქმედი “დარბაზის” ფუნქციონირებაში, აქტიურად თანამშრომლობს სოფლის ლიდერებთან, დედაქალაქში თუ ქვეყნის გარეთ მოქმედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან…
_ საქართველოში ყვითელი სიმინდის ბუმია. გლეხი ეუბნება ხელისუფლებას, რომ შესანიშნავი სიმინდის თესლი აქვს, სჭირდება სასუქი, საწვავი და ტექნიკა, რაშიც დახმარებას სთხოვს. მთავრობა კი აინუნშიც არ აგდებს მის თხოვნას და გლეხს უცოდინარს ეძახის, თან ყვითელ სიმინდს “ატენის”…
_ “ატენის”? გლეხს ვერავინ ვერაფერს ვერ “შეტენის”. გლეხმა ძალზედ კარგად იცის, თუ რომელი თესლი უნდა დათესოს და როგორ მოუაროს სიმინდს. სახელმწიფო პროგრამით, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, სიმინდის მარცვლის განვადების ფორმით (და არა საჩუქრად), გლეხისთვის გადაცემა არის სრულიად ნებაყოფლობითი. რაც შეეხება აღნიშნულ შეთავაზებას, გეტყვით ჩემს პოზიციას _ როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კვალიფიციური მეცნიერები და დარგის სპეციალისტები ასაბუთებენ, აღნიშნული სიმინდის მარცვალი არის მაღალრენტაბელური და საჰექტარო მოსავლიანობა არის მაღალი. ეს სიმინდი არ არის გენმოდიფიცირებული და არის ჰიბრიდი. სიმინდი ადამიანის საკვებად ვარგისია, ისევე როგორც ვარგისია მწვანე მასაც ცხოველების გამოსაკვებად. ამიტომაც ვარ კონკრეტულად ამ სახელმწიფო პოლიტიკის მხარდამჭერი და მიმაჩნია, როცა ამ პროგრამაში ნებაყოფლობით მონაწილეობის შემთხვევაში, გლეხი მიიღებს მაღალ მოსავალს. ეს კი იქნება გარანტი იმისა, რომ მას საგრძნობლად შეუმსუბუქდება სოციალური მდგომარეობა, ექნება საკვები სიმინდი, ეყოლება ფრინველიც და პირუტყვიც.
_ მთელმა საქართველომ ნახა თქვენი და შალვა რამიშვილის დიალოგი. რატომ აღმოჩნდით უხერხულ სიტუაციაში?
_ ყველაზე უარესი, რაც შეგვიძლია ადამიანებმა ერთმანეთს გავუკეთოთ, ეს არის ცინიზმი. და რა შეიცვალა აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ან ჩემთვის, ან სხვა დეპუტატებისთვის, ან საქართველოსთვის, ან თავად ავტორისთვის? არც არაფერი. ვინც მე და ჩემს საქმიანობას იცნობდა, იმ ადამიანებს შესაბამისი რეაქცია ჰქონდათ. ვინც რამიშვილს, მის საქმიანობას და მის რეპორტაჟებს იცნობდა, მათაც _ შესაბამისი. მაგრამ რა მიიღო ამით საზოგადოებამ, ადამიანებმა, ვინც პირადად ან მე, ან სხვა დეპუტატებს, ან რამიშვილს არ იცნობენ, მათ როგორი რეაქცია ჰქონდათ? რა ნაკლზე უნდა ისაუბრონ მათ? ჩემთვის გაუგებარია ასეთი მიდგომა და არც მსურს ამ თემაზე საუბარი. ხშირად იბნევიან თუ არა ადამიანები ტელეკამერის წინ? არის თუ არა ეს ფსიქოლოგიური ფაქტორებით განპირობებული? ან რაღაც მსგავსი… მაგისი არც დრო და არც სურვილი არ მაქვს.
_ ახლა მე გკითხავთ _ რა ნაკლი აქვს ჩვენს პრეზიდენტს?
_ მგონი, ამ კითხვაზე პასუხი ზემოთ გაგეცით.
_ საზოგადოებაში საუბრობენ, რომ ოზურგეთს დღესაც არ აქვს წყალი და ამაში ბრალი მიგიძღვით თქვენც და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც _ ამ მოსაზრებების ავტორებს მხედველობაში პროექტი “წყალი კაპუტ” აქვთ.
_ მე ერთხელ სწორედ თქვენი გაზეთის საშუალებით გავეცი ჩვენს მოსახლეობას და, როგორც თქვენ ამბობთ, “საზოგადოებას” პასუხი ამ კითხვაზე. მოდით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: “ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი” და პირადად მე, როგორც კლუბის ხელმძღვანელი, ვიყავით წამყვანი ორგანიზაცია იმ კოალიციისა, რომელშიც სხვა ხუთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაც მონაწილეობდა და მასში ჩართული იყო ადგილობრივი ხელისუფლება (ქალაქის მერია, რაიონული გამგეობა და სამხარეო ადმინისტრაცია), ოზურგეთის სკოლების პედაგოგები, ექიმები, მოსწავლეები, ყველა ფენის საზოგადოება. ჩვენი მიზანი იყო, სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიის ორგანიზება და შევძელით, ქალაქის წყალმომარაგების სფეროში არსებული კონკრეტული პრობლემების შესახებ მოგვემზადებინა სარეკომენდაციო წინადადებები. ჩვენ შევძელით, მცირე მოცულობის და გადაუდებელი პროექტების (ქლორატორი, წყლის სატუმბი ძრავები, ენერგომომარაგება, ლაბორატორია, პროექტირება და სხვა) გახორციელებისთვის გაგვეკეთებინა ლობირება და ადგილობრივ ხელისუფლებას გამოეყო კონკრეტული თანხები _ 270 ათას ლარამდე. ჩვენ შევძელით, ხელისუფლებასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მიგვეღო თანხმობა 800 ათას ლარიან თანადაფინანსებაზე. და, რაც მთავარია, შევძელით, რომ მოსახლეობის ყველა ფენა, დიდიც და პატარაც, ოზურგეთში მხოლოდ წყალზე საუბრობდა. ყველა დონეზე, ჩვენთაც და მთლიანად ქვეყანაში ყველას დავანახეთ, რომ წყალი იყო ოზურგეთის ნომერ პირველი პრობლემა. რეაქციაც შესაბამისი იყო _ საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში სწორედ წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის გამოყო მილიონი ლარი და მსოფლიო ბანკმაც ოთხ მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. ამით, ჩვენი პროექტი _ “ქალაქი იღვიძებს ანუ წყალი CAP-ut”, დასრულდა. მან თავისი მისია _ “ქალაქის გამოღვიძების”, სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიის გახორციელების ფუნქცია შეასრულა. სხვათაშორის “CAP” აბრევიატურა სამოქალაქო ინტერესების დაცვას ნიშნავს და ინგლისურად ასე ჟღერს _ Civil Advocacy Program. ამის შემდეგ, ტენდერი გამოაცხადა სახელმწიფომ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოიყვანა ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია და თავად განახორციელა მონიტორინგი. შარშან, სახელმწიფო დაფინანსებით, გახორციელდა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების ახალი მაგისტრალის მშენებლობა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობა. ეს პროექტიც სახელმწიფო დაფინანსებით გახორციელდა, მაგრამ მას სათავეში ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი უდგას.
ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების პროექტს კი, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ზურაბ ნოღაიდელი _ საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ახორციელებდა. მე აქ კომენტარისგან თავს შევიკავებ.
_ პრეზიდენტმა ქარხანა, რომლის ხელმძღვანელიც თქვენ იყავით, სამჯერ თავიდან გახსნა.
_ 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტი შპს “გეოპლანტს” სამჯერ სტუმრობდა _ პირველად, თებერვალში, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების წინ. პრეზიდენტმა მოინახულა ძველი, დანგრეული, ამორტიზებული ჩაის ფაბრიკა. მეორედ _ ივნისში, როდესაც მართლაც გაიხსნა რეაბილიტირებული საწარმო. რეაბილიტაციისთვის გამოყენებული იქნა დამფუძნებელთა კაპიტალი, “თიბისი ბანკის” სესხი, უცხოური _ გერმანული ინვესტიცია და იაფი სესხის სახელმწიფო პროგრამა. სწორედ ამიტომაც სტუმრობდა პრეზიდენტი საწარმოს და ამიტომაც გახსნა მან იგი ერთხელ და არა _ სამჯერ! აქვე გეტყვით, რომ ამ მრავალმხრივი ინვესტიციის შედეგად, გადაიარაღდა არა მხოლოდ ოზურგეთის საწარმო, ასევე ზუგდიდში კომპანიის კუთვნილი საწარმო “კოლხა” და შეძენილ იქნა უცხოური დანადგარები, როგორც ოზურგეთის, ასევე ზუგდიდის საწარმოებისთვის. სხვათაშორის, შპს “გეოპლანტის” მიერ სწორედ ამ საწარმოებში მზადდება ქართული ჩაი _ “გურიელი”. რაც შეეხება პრეზიდენტის მესამედ სტუმრობას, დამეთანხმებით, რომ შპს “გეოპლანტის” ეზო და ინტერიერი უდავოდ ლამაზი და გამორჩეულია. სწორედ ამიტომაც შეირჩა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რეგიონის მეწარმეებთან პრეზიდენტთან შეხვედრისთვის, 2008 წლის ზაფხულში, შპს “გეოპლანტის” ეზო. მეწარმეების შეხვედრის ამსახველი მასალები ცენტრალურ და ადგილობრივ პრესაშიც გამოქვეყნდა.
_ რამდენჯერ ჩაგიხედავთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუჯეტში და თვლით თუ არა, რომ იგი მიზანმიმართულად იხარჯება, პრიორიტეტები სწორად არის დალაგებული, საკმარისია ის სერვისები მოქალაქეებისთვის, რომელსაც მათ მუნიციპალიტეტი სთავაზობს? თუ გადაგიხედავთ იმ პრემიებისთვის, რომელსაც ჩინოსნები საკუთარ თავს უწერენ? იმ პირობებში, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი მოქალაქე ცხოვრობს ოზურგეთში, აქვს კი ასეთ მუნიციპალიტეტს იმის ფუფუნების უფლება, რომ საკუთარი კომფორტისთვის, ასევე პოლიციისთვის, საკმაოდ ძვირადღირებული ჯიპები შეიძინოს?
_ რა თქმა უნდა, ჩამიხედავს და კონკრეტულ საკითხზე, კონკრეტულ თემასა თუ საბიუჯეტო მუხლზე ჩემი მოსაზრება გამაჩნია. მაგრამ რაშიც ვეთანხმები ახლადარჩეულ თვითმმართველობას, ეს არის საჯაროობის მომენტი. ვფიქრობ, მათი მცდელობა, საკრებულოს თუ გამგეობის მზაობა, გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზება გაუკეთონ საკითხის საჯაროდ განხილვას, სწორი გზაა. მრავალი საკითხი, საკრებულოს მრავალი ინიციატივა, საკრებულოს მიერ ორგანიზებული საჯარო განხილვის შემდეგაც დარჩენილა საზოგადოების მსჯელობის და დისკუსიის საგანი. შესაძლებელია, საზოგადოების გარკვეული ჯგუფები არ ეთანხმებოდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ ხდება მალულად. თქვენს შეკითხვაში დასახელებული თემებიც, თუნდაც მრავალი სხვა: ძველი აგრარული ბაზრის რეორგანიზაციის, ბაღების აიპ-ის შექმნის საკითხი და მრავალი სხვა _ ეს ხომ მსჯელობის, საკრებულოშიც და საჯაროდ ჩატარებული შეხვედრების შედეგია? სოფლის მხარდაჭერის პროექტებიც ხომ საჯარო შეხვედრების და საჯარო განხილვების ფონზე მიმდინარეობს?
_ ვრცელდება თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრეზიდენტის შეგონება, ე.წ. “ქამრების შემოჭერის პოლიტიკა”? თუ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის დავალებას ადგილობრივი ხელისუფლება ასრულებს, იქნებ, გვითხრათ, რაში გამოიხატება “ქამრების შემოჭერის” რეალური პოლიტიკა?
_ მოდით, ვიყოთ კონკრეტულები და ზოგადი ფრაზით _ “ქამრების შემოჭერის პოლიტიკა” ნუ ვიხელმძღვანელებთ. ამ ფრაზას თან ახლავს შესაბამისი საბიუჯეტო ვალდებულებები, შესაბამისი საჯარო სამსახურების მიერ აღებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. თუკი ოზურგეთის საკრებულომ და გამგეობამ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, ეს აუცილებლად იქნება შესაბამისად დასაბუთებული და ამაზე უკეთ თავად საკრებულოს წევრები გაგვცემენ პასუხს.
_ ბურების ჩამოსვლაზე რას გვეტყვით და რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მათი ჩასახლება წვერმაღალაზე, თან გასაიდუმლოებულად?
_ ბურების თემასთან დაკავშირებით, მე კომენტარი ამ ათიოდე დღის წინ, თქვენი გაზეთის ჟურნალისტთან გიორგი გირკელიძესთან გავაკეთე. თუ გნებავთ გავიმეორებ _ არანაირ ოფიციალურ ინფორმაციას არ ვფლობ, ამიტომ მიჭირს პასუხის გაცემა. თუ გნებავთ, ვინმეს მოსაზრება ან ვარაუდი გადავამოწო, არ დაგზარდებით, ოღონდ მითხარით, ვისი მოსაზრებაა.
_ რა გააკეთეთ ოზურგეთისთვის, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა?
_ როგორც დეპუტატმა, რომელმაც შეძლო დიდი გარეშე ინვესტიციის მოზიდვა ოზურგეთისთვის _ ჯერ ვერაფერი; როგორც დეპუტატმა, რომელიც კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი იყო და რაც უშუალოდ ოზურგეთის კეთილდღეობაზე არის მიმართული _ ჯერ ვერაფერი; ჯერჯერობით, მე ვარ ჩემი ქვეყნის და ჩემი ოზურგეთის ერთი რიგითი ჯარისკაცი. მე მონაწილეობას ვიღებ ყველა საკანონმდებლო ცვლილებაში, რომელიც ჩემი ქვეყნის წინსვლას ემსახურება.
რა გავაკეთე პარლამენტში ოზურგეთისთვის?
პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი ვარ და ყურადღებას, თუნდაც, ამ კომიტეტში განხილულ კანონპროექტებზე და იმ შედეგებზე შევაჩერებ, რომელიც პირდაპირ აისახა, როგორც სრულიად საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაზე, ასევე უშუალოდ ჩემს ოზურგეთზეც _ საატესტატო გამოცდების შემოღება და მისი ტესტირების სახით, კომპიუტერული მეთოდით ორგანიზების საკითხის განხილვა და ინიცირება განათლების სამინისტროს მიერ სწორედ ჩვენს კომიტეტში მოხდა. ჯერ გამოცდები არ ჩატარებულა, მაგრამ მე კონკრეტულ შედეგზე შემიძლია ვისაუბრო. საატესტატო გამოცდების სისტემის შემოღებამ მოსწავლეები სკოლაში დააბრუნა და გაკვეთილების ორგანიზების ხარისხიც საგრძნობლად გააუმჯობესა. მოდი, შევადაროთ თუნდაც ოზურგეთის სკოლებში, გაკვეთილებზე დასწრება და მობილიზებულობა გასულ წლებში არსებულ სიტუაციას. შეიძლება, გაკვირვებული დარჩე, იმდენად თვალნათელია პროგრესი. აქვე გეტყვი, რომ ამას ზოგიერთი ოპონენტისთვის “ყბადაღებული” მანდატურების თემას ვერ დავაბრალებთ, რადგანაც ოზურგეთის არც ერთ სკოლაში ჯერჯერობით მანდატურები არ შესულან. მანდატურებს სრულიად სხვა დატვირთვა, სხვა დადებითი ეფექტი აქვთ და ამაზე ცალკე შეიძლება საუბარი.
მეორე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განათლების კომიტეტის ერთობლივი საქმიანობის შედეგია.
დამერწმუნები, რომ ათეული წლების განმავლობაში ოზურგეთის, მთლიანად ჩვენი რეგიონის და საქართველოს სიამაყე იყო ანასეულის ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. იყო წლები, როცა ამ სამეცნიერო დაწესებულებას თავისი ფილიალები ჰქონდა თბილისში, ზუგდიდში, ჩაქვში, წყალტუბოში, სოხუმში, გაგრაში, კრასნოდარში, ლენქორანში, მრავალ ქვეყანასა და ქალაქში.
საქართველოში არსებულმა ქაოსმა და პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა თუ სოციალურმა რყევებმა _ პირველ რიგში ასეთი ტიპის დაწესებულებაზე იმოქმედა დამანგრევლად და დღეისთვის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების მრავალათასიანი კოლექტივიდან, ინსტიტუტში მხოლოდ 103 საშტატო ერთეულია დარჩენილი. ფაქტიურად, კვდომის, გაუქმების წინაშე დადგა სუბტროპიკული მეხილეობის სელექციის, გენეტიკის, ჯიშთაგამოცდის, მცენარეთა დაავადებების განყოფილებები. ამიტომაც ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარლამენტში, როდესაც სამეცნიერო დაწესებულებები გაერთიანდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ანასეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შერწყმა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, არის სწორი და ერთადერთი გზა, რათა ეკონომიკურად ფეხზე დადგეს დარგი და რაც უმთავრესია, სამეცნიერო სფეროში მოვიდეს ახალგაზრდა თაობა, ბაკალავრები და მაგისტრანტები.
შესაძლებლობა იმისა, რომ სუბტროპიკული მემცენარეობით დაინტერესებული სტუდენტები აღმოჩნდნენ იმ უნიკალური გამოცდილების და წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის ოაზისში, რასაც ანასეულის სამეცნიერო ბაზა ჰქვია, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა დარგის გადარჩენისთვის, ახალგაზრდა თაობის, სპეციალისტების აღზრდისთვის და თავად ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ანასეული ყოველთვის იყო ოზურგეთის კადრების სამჭედლო და ის ცოდნა, რომელიც იქ იყო დაგროვილი, პირდაპირ აისახებოდა როგორც ჩაის, ასევე ციტრუსის, ხურმის, კივის, თხილის, სტევიის, დაფნის მაღალრენტაბელური ჯიშების მოვლა-მოყვანა-გადამუშავებაზე. ეს კი სწორედ ოზურგეთის და ჩვენი ქვეყნის სუბტროპიკული ზონის მოსახლეობის უპირველესი მოთხოვნილებაა.
_ აპირებთ თუ არა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ისევ კენჭისყრას?
_ ადამიანი თავის ცხოვრებაში ცვლილებებითა და წინსვლით უნდა იყოს მოტივირებული. მე სწორედ ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობ. ჩემს შემთხვევაში ცვლილებებიც, წინსვლაც და მოტივაციაც, შესაძლებელია, პარლამენტთანაც იყოს დაკავშირებული, ხელისუფლებასთანაც, არასამთავრობო სექტორთანაც და ბიზნეს სექტორთანაც. დღეს ნამდვილად არ ვიცი, საით წავალ, მაგრამ ერთს გეტყვით _ ცვლილებები იქნება და შესაძლებლობის ფარგლებში _ წინსვლაც. ამის მოტივაცია მაქვს.