ღონისძიება ჩეხეთ-საქართველოს დიპლომატიური თანამშრომლობის ოცი წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში ივან იესტრჟაბი, ასევე საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ისტორიკოსები. შინაგან საქმეთა მინისტრმა შეკრებილ საზოგადეობას სიტყვით მიმართა.
ღონისძიებაზე გამოფენილი იყო გასული საუკუნის საიდუმლო სამსახურების ჩეხეთსა და საქართველოში მუშაობის ამსახველი ბანერები. ამ ბანერებით დამთვალიერებელმა დეტალურად შეიტყო, როგორ უთვალთვალებდნენ და ებრძოდნენ უბრალო მოქალაქეებსა თუ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილ დისიდენტებს უშიშროების სამსახურები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული წიგნის – “დისიდენტური მოძრაობა ჩეხოსლოვაკიასა და საქართველოში (მოკლე მიმოხილვა)” პრეზენტაცია. წიგნი სამენოვანია (ქართულ-ჩეხურ-ინგლისური) და ეხება დისიდენტური მოძრაობის განვითარებას.
გამოფენა ერთ კვირას გასტანს.