მალე საზოგადოება ახლად შექმნილ ჰიმნს და ვიდეო–რგოლს იხილავს, რომელიც მომღერლების პროტესტია “მცოცავი ოკუპაციის” წინააღმდეგ.
“გურია ნიუსი” პროექტის ორგანიზატორს გიორგი საკარულს ესაუბრა:
გიორგი საკარული (ჟურნალისტი):
_ ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების მხარდასაჭერად, ქართველმა მომღერლებმა, მოდელებმა და ჟურნალისტებმა გამოთქვეს პროტესტი. მერე გაჩნდა იდეა, რომ ჩვენი სათქმელი ჰიმნად გვეთქვა და ყველას გაეგო, ყველასთან ახლოს ყოფილიყო. მე, როგორც იდეის ერთ-ერთი ავტორი და პროექტის ორგანიზატორი, დავუკავშირდი მომღერლებს და გავაცანი იდეა, რომელიც ყველას ძალიან მოეწონა და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. ჩაწერები „მ-სტუდიოში“ მიმდინარეობს, რომლის ხელმძღვანელია მომღერალი მანჩო ჯადუგიშვილი. ჰიმნის ტექსტის ავტორია ნანა ცინცაძე, ხოლო მუსიკა კაკი ბოლქვაძემ დაწერა.
_ რომელი მომღერლები მონაწილეობენ კლიპში?
_ კლიპში ყველა თაობის 35-მდე მომღერალი მონაწილეობს – ვერიკო ტურაშვილი, მანჩო, ნინი წიკლაური, კახა კუხიანიძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კვალიაშვილი, სალომე ბაკურაძე, ანი სირაძე, გოგა მესხი, ანსამბლი “ფორტე”, კლიპში მონაწილეობს პროექტ “ნიჭიერის” გამარჯვებული ნონა გიუნაშვილი, რომელიც ხატავს იმ მოვლენებს, რაც ხდება დვანში, დიცში და სამწუხაროდ გრძელდება „მცოცავი ოკუპაცია“ და ახლა უკვე აძვშიც. აღსანიშნავია, რომ მუსიკის ავტორი კაკი ბოლქვაძეც მღერის კლიპში. ამ ჰიმნით და კლიპით ჩვენ გავერთიანდით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და ჩვენი პროტესტი ამ ფორმით შევუერთეთ ათასობით ქართველის პროტესტს.
_ როდის იქნება კლიპის პრეზენტაცია?
_ რამდენიმე დღეში დასრულდება ჩაწერა და გადაღება. მერე ვგეგმავთ დვანში ჩასვლას და პირველი ჩვენება იქ გაიმართება. ასევე, ვგეგმავთ პარალელურად ადგილობრივი მოსახლეობისთვის კონცერტის გამართვას.
_ კიდევ ვინ არის პროექტის ორგანიზატორი?
_ ჩემთან ერთად პროექტის ორგანიზატორები არიან მანჩო, კაკი ბოლქვაძე და თამთა გოგუაძე. ძალიაან დიდი ენერგია ჩავდევით ამ პროექტში მთელმა გუნდმა და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს და ქალბატონ ნანა ცინცაძეს. მჯერა, რომ ეს კლიპი თითოეული ქართველისთვის გულში ჩამწვდომი და სათქმელის გამომხატველი იქნება, რადგან ყველას საქართველოს სიყვარული გვაერთიანებს, ყველას გვინდა მშვიდობა და არ გვინდა ომი!