“გურია ნიუსი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ახალი ამბების სააგენტო “Front News” დაფუძნდა 2012 წლის 26 მაისს. მიუხედავად მწირი ადამიანური თუ ფინანსური რესურსისა, დაფუძნების დღიდან ამ დრომდე სააგენტომ შეძლო, საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა მედია–სივრცეში. განვითარების გზაზე უამრავი წინაღობა გადავლახეთ იმ სურვილით, რომ ამ რთულ პერიოდში შეგვენარჩუნებინა მაქსიმალური ობიექტურობა. ამავე მიზნით სრულიად გახსნილები ვიყავით საქართველოში წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრის ნებისმიერი სუბიექტისთვის – როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ხელისუფლების და სხვა პოლიტიკური მოთამაშეების წარმომადგენლებისათვის და ვერც ერთ მათგანს ვერ ექნება ჩვენს მიმართ ფაქტებზე დაყრდნობილი ვერანაირი პრეტენზია. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში სააგენტოს მომძლავრების პარალელურად, დაიწყო ყოვლად მიუღებელი და სრულიად აუხსნელი მოვლენები, რომელიც “Frontnews”–ის მუშაობას მნიშვნელოვნად აფერხებს და საფუძვლიან ეჭვებს ბადებს. მხედველობაში გვაქვს თუნდაც ბოლო ორი დღის ფაქტები, რომელიც საიტის გათიშვას უკავშირდება. სააგენტოს გააჩნია ხელშეკრულება შპს “YLook.ge”-თან, რომელიც პერმანენტული ტექნიკური პრობლემების მიზეზს არგუმენტირებულად ვერ განმარტავს.
გარდა ამისა, საფუძვლიანი ეჭვები გვაქვს რეიტინგის მიზანმიმართულ კლებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც ასევე ვაპირებთ საუბარს უახლოეს მომავალში. ამან განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება, მოგვემართა თითოეული თქვენგანისთვის, რათა შექმნილი მდგომარეობის მიზეზები დროულად იქნას შესწავლილი და მოგვეცეს მუშაობის ნორმალურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. იმედი გვაქვს, ჩვენი ეჭვები საფუძველს მოკლებული აღმოჩნდება და საქართველოს ახალ რეალობაში სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასთან არ გვაქვს საქმე.
პატივისცემით,
“Front News”–ის მთავარი რედაქტორი რაულ ქირია”