სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რთველის ფარგლებში, კახეთის რეგიონის მევენახეებმა, ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლის სახით – დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი მიიღო.
გარდა ამისა, საწარმოებმა “რთველი 2013-ის” ფარგლებში დამატებით სპეციალური, შეღავათიანი სესხები აიღეს. სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოებზე უკვე დამატებით გაიცა ჯამურად 43 688 024 ლარის ოდენობის 38 შეღავათიანი სესხი;
წელს რთველში პირდაპირი შემოსავალი დაახლოებით 17 ათასმა (16 885) ოჯახმა მიიღო. ყურძნის ყველაზე დიდი რაოდენობა სოფ. დიდ ჩაილურში ჩააბარა ერთმა ფერმერმა და 200,000 ლარამდე ანაზღაურება მიიღო. ჩაბარების საშუალო მაჩვენებელი 5 ტონა ყურძენი იყო და ოჯახები 7000 ლარამდე ანაზღაურებას იღებდნენ.
შალვა ფიფიას განცხადებით, მთავარი შედეგი, რომელზეც ორიენტირებული იყო სახელმწიფო “რთველი 2013-ის” დაგეგმვის დროს, მიღწეულია: დაეხმარნენ გლეხებს და მაღალი ორგანიზებულობით ჩაატარეს მთელი პროცესი და ამავე დროს ხელი შეუწყვეს წარმოების განვითარებას, მათზე ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელ რთველში:
სახელმწიფომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობისთვის სუბსიდიის პროგრამა სრულიად ახალი მიდგომით განახორციელა. პროგრამაში მეწარმები ნებაყოფლობით ჩაერთვნენ, ანაზღაურება კი, ვაუჩერის გარეშე, პირდაპირი გადახდის გზით განხორციელდა;
სწორედ განისაზღვრა დიფერენცირებული სუბსიდია;
თანაბარ პირობებში ჩადგნენ დიდი და მცირე ფერმერები;
რთველი დაიწყო მხოლოდ კონდიციური, დამწიფებული, ხარისხიანი ყურძნის დაკრეფიდან;
რთველის მიმდინარეობის პროცრსში შსს ჩართულობა განისაზღვრა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისა და ადგილზე სიტუაციის კონტროლით;
არ მოხდა სახელმწიფოს ზეწოლა ფასის განსაზღვრაზე – მეწარმე თავისუფალი იყო არჩევანში;
არ მოხდა კომპანიებისათვის მისაღები ყურძნის რაოდენობების დაწესება;
შედეგად, ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში 84 კომპანიის მიერ მიღებული და გადამუშავებულია ბოლო ათეული წლების მანძილზე რეკორდული რაოდენობის ყურძენი 88742,0 ტონა (შარშან სულ გადამუშავდა 52 000 ტონა).
“რთველი 2013-ის” სწორად დაგეგმვამ კიდევე ერთი შედეგი მოიტანა. სახელმწიფო კომპანიების მიერ შესყიდული და გადამუშავებული ყურძნის წილმა 17%-ი შეადგინა (ცნობისათვის, 2012 წელს სახელმწიფო კომპანიების მიერ გადამუშავებული ყურძნის წილი 65%-ს შეადგენდა), ხოლო დანარჩენი მოსავალი სრულად კერძო სექტორმა აითვისა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, განსაკუთრებული მოთხოვნაა მევენახეობის სპეციფიკურ ზონებში (“მუკუზანი”, “ახაშენი”, “ქინძმარაული”) მოწეულ საფერავის ჯიშის ყურძენზე. აღნიშნულის გამო 1 კილოგრამ საფერავზე დაფიქსირდა ფასების მნიშვნელოვანი ზრდა. საფერავის მაქსიმალურმა ფასმა 2,10 ლარი შეადგინა.
“წითელი” ყურძნის (საფერავი) გადამუშავების პიკი დაფიქსირდა 12 სექტემბერს – ერთ დღე-ღამეში გადამუშავდა 4,500 ტონა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მომხდარა.