დღეს მას სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩააკითხეს საკუთარ სახლში.
“როგორ შეიძლება ეს?! ათასგვარ სისულელეებზე შეიძლება, ფული დაიხარჯოს და თქვენზე მეტად ვის სჭირდება?! პარლამენტში უნდა წამოვჭრათ ეს საკითხი და მეც გამოვალ და მივაწვებით ბოლომდე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ თელიანში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ თელიანში, გუშინ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა დევნილთა კომპაქტური დასახლება მოინახულა, სადაც ამჟამად 58 ოჯახი ცხოვრობს.
მოგვიანებით, ქვეყნის პირველი პირი ამავე დასახლებაში მცხოვრებ, 2008 წელს ერედვიდან დევნილ ციალა მაისურაძეს ესტუმრა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონი, რომელსაც ცალი ხელი არ აქვს, აცხადებდა, რომ სოციალური დახმარება მას შემდეგ მოუხსნეს, რაც მის სახლში სარეცხის მანქანა აღმოაჩინეს.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს ნოე ქინქლაძეს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება:
” ის, რომ ციალა მაისურაძეს დახმარება შეუწყვიტეს, სრული დეზინფორმაციია. ჩვენ გადავხედეთ საბუთებს და ირკვევა, რომ მას არასდროს შეწყვეტია სოციალური დახმარება. ბანკში მივიდა და თანხა ვერ აიღო. ამის შემდეგ მას არც ბანკში გაურკვევია რამე და არც ჩვენთვის მოუმართავს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ქალბატონს გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა ბანკის წინაშე და ის აჭრიდა ამ თანხას. ამ შემთხვევაში კი ჩვენ არაფერ შუაში ვართ”, _ განაცხადა ნოე ქინქლაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.