მეხუთე შუალედურ ანგარიშში ასახულია საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი პოლიტიკური ზეწოლის ხუთი ფაქტი, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლის სამი ფაქტი.
“სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ექვს შემთხვევას ჰქონდა ადგილი “ქართული ოცნების” კანდიდატის სასარგებლოდ და ორ შემთხვევას – “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის სასარგებლოდ.
უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციის მიუხედავად, საკადრო ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გაგრძელდა: საანგარიშო პერიოდში გამგებელი შეიცვალა 5 მუნიციპალიტეტში, 1 მუნიციპალიტეტში გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარე, თანამდებობა დატოვა ერთმა მერმა.
“სამართლიანი არჩევნები”, ასევე, აკვირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას და მიიჩნევს, რომ კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა გააუქმოს, ან საფუძვლიანად შეცვალოს 2012 წლის დადგენილება კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ”. _ აცხადებს ორგანიზაციის იურისტი, ნინო ჯანაშია.
საანგარიშო პერიოდში “თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ” საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ანგარიშში არ მოხვდა “სამართლიანი არჩევნების” მიერ კომისიისთვის მიწოდებული მთელი რიგი პრობლემატური საკითხები.