“ბოლო წლების განმავლობაში კოალიციამ, დეტალური ანალიზის საფუძველზე, შეიმუშავა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისთვის საჭირო რეკომენდაციები, რომელთაც პერიოდულობით აცნობს საქართველოს მოსახლეობას და შესაბამის სახელისუფლო სტრუქტურებს. კოალიციის მიზანია, ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს მართლმსაჯულების საკუთარი ხედვა და აქტიურად შეუწყოს ხელი მის იმპლემენტაციას.
ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის კოალიციის მოსაზრებების მიწოდება იმის თაობაზე, თუ რა არის საჭირო სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდისათვის.
ამავდროულად, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის საინტერესოა საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე.
ამ მიზნით, კოალიციის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ შეხვდნენ და ითანამშრომლონ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატთან, მათი მხრიდან ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში.
2011 წლის აპრილს ჩამოყალიბებული კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აერთიანებს 30-ზე მეტ წევრ არასამთავრობო ორგანიზაციას. კოალიციის შექმნის მიზანია, მიმდინარე სასამართლოს რეფორმების მონიტორინგისა და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის ადვოკატირების პროცესში პროფესიული იურიდიული ასოციაციების, ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს და პროფესიული ასოციაციების და, ასევე, მედიის ძალისხმევის გაერთიანება,” _ ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციაში შემავალი ორგანიზაციებია: საია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და სხვ.