(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 15 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც 25 დეპუტატი, სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელები და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი წარმართავდა.
სხდომის დასაწყისში, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა, დეპუტატმა თემურ სალუქვაძემ, 26 მაისის აქციაზე დაღუპული ყველა ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილი მოითხოვა _ დეპუტატებმა დაღუპულებს პატივი მიაგეს.
სხდომაზე წარმოდგენილი 11 საკითხი თანმიმდევრულად დაამტკიცეს, დასადგენი დაადგინეს. საკრებულოს თავმჯდომარისგან ისევ დაიმსახურა შექება მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ მადლიერება გამოთქვეს საკრებულოს წევრმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც და აღნიშნეს, რომ ეს არის ერთადერთი წარმატებული აიპ-ი, რომელმაც გაამართლა და წარმატებული მუშაობით საზოგადოების, განსაკუთრებით, მშობელთა მოწონება და პატივისცემა დაიმსახურა.
საკრებულოს სხდომაზე, ისევე, როგორც ურეკში ჩატარებულ ბიუროს სხდომაზე, გამორჩეულად გაამახვილეს ყურადღება სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ადამიანთა დახმარების აუცილებლობაზე, კარს მომდგარ საკურორტო სეზონსა და დასახეს გზები, ამ საკითხების დროულად და შედეგიანად გადაჭრისთვის.