პატიმრებმა ზაურ არძენაძემ და გელა შავაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც მძიმე დაავადების და სასჯელის დიდი ნაწილის მოხდის მიუხედავად, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ უარი უთხრა.
გეგუთის საპყრობილეში ამ პატიმართა შიმშილობის ფაქტს, “გურია ნიუსთან” ადასტურებს სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი კორძაია, თუმცა, მოშიმშილე პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს:
_ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არის ღია, მისი გასაჯაროების უფლება არ გვაქვს და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმ შემთხვევაში, თუ პატიმრები წერილობით დაადასტურებენ თანხმობას სამედიცინო ისტორიის გასაჯაროებაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება უფლება მოგაწოდოთ ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რაც რაც შეეხება “უდოს” კომისიას, იგი დაახლოებით 1200 საქმეს განიხილავს და აქედან, მხოლოდ 100-130 პატიმრამდე ათავისუფლებს. პრიორიტეტი ენიჭება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენებს და მათ, ვისაც საპატიმროში ყოფნისას, არ ქონიათ დარღვევა. ამასთან, ამ კომისიაში სამინისტროდან მხოლოდ ორი წევრია წარმოდგენილი, დანარჩენი წევრები მერიიდან და იუსტიციის საბჭოდანაა, _ ამბობს ირაკლი კორძაია.
მოშიმშილე პატიმრები მათი საქმეების, ასევე კომისიის გადაწყვეტილების გადახედვას და პარლამენტარ ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ.