ირაკლი ალასანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებულ საომარ მოქმედებებს კომისია წმინდა სამხედრო თვალსაზრისით შეისწავლის.
“რადგან არჩევნებს დაუკავშირა ვიღაცამ – ეს არის არა პოლიტიკური, არამედ სამხედრო, ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული შეფასება, რომელიც მხოლოდ ჩვენი ჯარის სამომავლო თავდაცვის სტრატეგიის გაუმჯობესებას ემსახურება. სულ მცირე რამდენიმე თვეა საჭირო, რომ ანგარიშის პირველი ეტაპი თავდაცვის უწყებაში წარდგეს. რაღაც ნაწილი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი – არასაიდუმლო იქნება, რათა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს სწორი ანალიზის გაკეთების საშუალება ჰქონდეთ. შესწავლილი იქნება არა მხოლოდ 2008 წლის ომის მოვლენები, არამედ 90-იანი წლების საომარი მოქმედებებიც,” _ განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, კომისია საკმაოდ სწრაფი ტემპით მუშაობს. დაახლოებით 600-ზე მეტი ინტერვიუ და გამოკითხვაა ჩატარებული. მინისტრის თქმით, კომისია რაიმე ინფორმაციის უახლოეს პერიოდში გამომჟღავნებას არ გეგმავს, რადგანაც ამას უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება.
საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საომარი მოქმედებების, ასევე საზღვარგარეთ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისას დაგროვილი გამოცდილების შესწავლას, გაანალიზებასა და გაზიარებას. კომისიის წევრები საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები არიან.