არაოფიციალური ინფორმაციით, დღის განმავლობაში, ბაზრობას 150-მდე ქართველი სტუმრობს. უმრავლესობა სავაჭროდ დადის.
მოვაჭრეები საზღვრის გადაკვეთას გამთენიისას ცდილობენ, რადგან შუადღეზე რიგები ძალიან იწელება. საქართველო-თურქეთს შორის არსებული უვიზო რეჟიმის გამო, ბაზრობაზე გადასვლა პრობლემას არ წარმოადგენს, თუ არ ჩავთვლით ქართველი მესაზღვრეების მხრიდან, უმეტეს შემთხვევაში, ხელოვნურად შექმნილ ბარიერს.
ჩვენებურები ქემალ ფაშას ბაზრობამდე მიკროავტობუსებით მიდიან, რომლებიც ყოველ ათ წუთში გადიან და მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია.
ე.წ. ბაზრობა ერთი დიდი სოფელია, არც თუ სახარბიელო ინფრასტრუქტურით. ყველა სახლის პირველი სართული მაღაზიებს უჭირავს. გამყიდველების უმრავლესობა ქართველები არიან.
_ ბათუმელი ვარ. დღეში 20 ლარს მიხდიან. დილით ადრე მოვდივარ და საღამოს, 8 საათს შემდეგ მივდივარ, _ გვითხრა ერთ-ერთმა გამყიდველმა.
1 თებერვლიდან გამოსულმა არაოფიციალურმა ბრძანებამ, ის ადამიანები, რომლებიც ოჯახის რჩენას ქემალ ფაშას ბაზრობიდან წამოღებული საქონლის გაყიდვით ახერხებდნენ, ცუდ დღეში ჩააგდო.
_ თუ გახსოვთ, პროექტი რომ იყო _ „პრეზიდენტი პასუხობს ხალხს”, იქ ერთი ბათუმელი გოგონა გამოვიდა და სააკაშვილს საბაჟო კონტროლის გამკაცრება “სთხოვა” _ იაფი საქონელი შემოდის და ბრენდები მიფუჭდებაო. მას შემდეგ მებაჟეებმა სიტყვიერად გაგვაფრთხილეს, რომ თვეში მხოლოდ ერთხელ შეგვეძლო ბაზრობაზე გადასვლა და 30 კილოგრამზე მეტი საქონლის წამოღების შემთხვევაში, განბაჟება გველოდა, _ გვითხრეს მოვაჭრეებმა.
დაღლილი სახეებით და ზურგზე მოკიდებული დიდი ჩანთებით მიკროავტობუსის მომლოდინე ქალბატონებს, ბაზრობაზე დღის მეორე ნახევარში ნახავთ. მოვაჭრეების უმრავლესობა ქალია. ნაყიდ საქონელს მოსაცდელთან ერთმანეთს უნაწილებენ _ ზედმეტი წონის გამო მოსაზღვრეებმა რომ არ წაართვან.
გულო საღინაძეს ოზურგეთში ყველა იცნობს. იგი 15 წელია, ტანსაცმლის პრესტიჟული მაღაზიის მფლობელია. სანამ ამ საქმეს ხელს მოკიდებდა, წლების განმავლობაში, სამედიცინო სფეროს მუშაკი იყო. ვაჭრობა დაბალი ხელფასის გამო გადაწყვიტა და გაუმართლა კიდეც. როგორც ოზურგეთელები ამბობენ, „გულოს მაღაზიაში” ხარისხი ფასობს:
_ სტამბულში სავაჭროდ სიარული ხუთი წლის წინ, მას შემდეგ დავიწყე, რაც რუსეთთან ურთიერთობები გართულდა და გზა ჩაიკეტა. ყოველ სამ თვეში ერთხელ დავდივარ. ვერ გეტყვით, რომ თავზე გადამდის, მაგრამ საარსებო მინიმუმისთვის მყოფნის.
ჩვენი რესპონდენტი, რომელსაც ორი ოჯახი ჰყავს სარჩენი, აღნიშნავს, რომ ასეთი მუშაობა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული:
_ ჯერჯერობით არ მაქვს იმის ფუფუნება, თვითმფრინავით ვიფრინო, ამიტომაც ავტობუსით დავდივარ, რომელსაც სტამბულში ჩასასვლელად თითქმის 24 საათი სჭირდება. სავაჭროდ დილის 6 საათზე გავდივარ და დაღამებამდე მაღაზიიდან მაღაზიაში, დიდი, მძიმე ჩანთებით დავდივარ. თან საქონლის ფასები ოზურგეთის პირობებს უნდა მოვარგო, ეს კი საკმაოდ რთულია, _ გვითხრა საღინაძემ.
მისივე თქმით, საქონლის განბაჟებას მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს: მაღალი გადასახადი:
_ ადრე იყო ე.წ. „კარგო”, რომელსაც ჩემი შეძენილი საქონელი დანიშნულების ადგილზე ჩამოჰქონდა. ცოტა ხნის წინ კი, სახელმწიფო განბაჟების სისტემა _ „გეზი” ამოქმედდა, რომლის საშუალებით მეწარმე თითქმის ნახევარ საათში ახერხებს საქონლის განბაჟებას. პროცედურა საკმაოდ მარტივია. თუმცა, გადასახადი დიდია. საერთო ჯამში, განბაჟების თანხა, ნაყიდი საქონლის 30% შეადგენს.
გულო საღინაძე ყვება, რომ განუბაჟებლად მხოლოდ პირადი მოხმარების საგნების გადმოტანაა შესაძლებელი, ისიც 200-დან 300 ლარის ფარგლებში:
_ თუ თუნდაც ორი ერთნაირი ნივთი აღმოგაჩნდა, განბაჟება მოგიწევს. ამას მომსახურების თანხა ემატება, რომელიც 150 ლარს შეადგენს, _ აღნიშნავს რესპონდენტი.
თინათინ სიხარულიძე, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, თურქეთში ვაჭრობით ირჩენს თავს, ერთ ასეთ შემთხვევასაც იხსენებს:
_ ერთხელ, 30 კილოგრამს 200 გრამი გადასცდა და წამართვეს. ტერმინალზე გადავიტანთ, განვაბაჟებთ და თუ გინდა მოიკითხეო, მითხრეს. რაც მოგება უნდა მენახა, ის განბაჟებისთვის მომთხოვეს და ამიტომ არც წამომიღია.
ოზურგეთელი ქეთინო გოგოტიშვილიც ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელიც საარსებო მინიმუმის შოვნას თურქეთში მუშაობით ახერხებს. გოგოტიშვილი წლების განმავლობაში, ოჯახს ჰოფაში ყოველდღიური ვაჭრობით არჩენს:
_ წლების უკან, ბათუმში, ფეხსაცმელების მაღაზია გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს და ასე თუ ისე, არაფერი გვიჭირდა. თუმცა, ბოლოს საქმე ცუდად წავიდა და გავკოტრდით. შიმშილის ზღვარზე ვიდექით, როცა თურქეთში გადასვლა და ყოველდღიური ვაჭრობა გადავწყვიტეთ. შევეცდები გადმოგცეთ, რამდენად მძიმე სამუშაოა და რა ფიზიკურ ძალასთან არის დაკავშირებული ყოველდღე კილოგრამობით ტვირთით საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ მაინც არ მეყოფა სიტყვები ბოლომდე გაგაგებინოთ, რა საშინელებაა ამ რეჟიმში ცხოვრება! მიუხედავად ამ მძიმე პირობებისა, მე კმაყოფილი ვარ, რომ საქმე გამოვძებნე და ორიოდე გროშის შოვნას ვახერხებ. ძალიან ხშირად, იქ გადახვეწილთა უმრავლესობა საყვედურობს თურქებს და თურქულ მხარეს, მაგრამ ცოდვას ვერ დავიდებ და საყვედურს ვერ ვიტყვი _ ძალიან გვიწყობენ ხელს ის ადამიანები, რომლებსაც ბაზრიდან ჩვენი გამოყრა შეუძლია. ჩვენ, იქ მომუშავე ქართველებს, ბაზარში ვაჭრობის უფლება არ გვაქვს, მაგრამ იქაური ჟანდარმები ამაზე თვალს ხუჭავენ და საშუალებას გვაძლევენ, ოჯახის გამოსაკვები თანხა გამოვიმუშავოთ. ჩვენს ნებისმიერ პროდუქტს იქ ცოტა ძვირად ვყიდით და ეს არის ჩვენი მოგება. თან მოსწონთ ჩვენებური ნაწარმი, რადგან მათი პროდუქტებისგან განსხვავებით, ბუნებრივია და ნიტრატებით და სასუქებით გაჯერებული არაა. მეც ვყოფილვარ მსხვერპლი _ სიმწრით ნაყიდი საქონელი ჩამოურთმევიათ, მაგრამ ეს ყველაფერი საზღვრის წესებია, რომლის დაცვას კანონი ითვალისწინებს. ამავე დროს, ბევრჯერ ხელიც შეუწყვიათ და მებაჟესაც აურიდებია ჩემთვის თვალი, როცა პროდუქტებით დამძიმებული ჩანთები გადამქონდა. ამის დაუნახაობა არ შემიძლია, _ აღნიშნა გოგოტიშვილმა.
ჩვენი არა ერთი მცდელობის მიუხედავად, შრომით მიგრანტებზე და სახელმწიფოს მიერ მათ დასახმარებლად დასახულ გზებზე საუბარი მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ არ მოისურვა _ ჩვენი რამდენიმე ოფიციალური მიმართვა, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფოსტით, ვაშაძემ უკომენტაროდ დატოვა.
ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილზე პასუხი არც თურქეთში საქართველოს საელჩომ გაგვცა.
გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი ამბობს, რომ შრომითი მიგრაციის გაზრდილი ფონი პრობლემას ნამდვილად წარმოადგენს, თუმცა, ამაში მოსახლეობასაც ადანაშაულებს:
_ გასულ წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში ჩავიყვანეთ ბიზნესმენი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ჩაის მოკრეფილ ფოთოლში ნორმალური საფასურის გადახდას ხელზე პირდებოდა. ერთ ადამიანსაც კი არ აღმოაჩნდა სურვილი, ჩაი მოეკრიფა. არადა, იგივე საქმიანობისთვის ისინი თურქეთში დადიან, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.
ანალოგიური შეთავაზება გურიის მოსახლეობისთვის რამდენიმე წლის წინ მოქმედ გუბერნატორს, მიხეილ სვიმონიშვილსაც ჰქონდა _ მან გურულებს სიმინდის და თხილის საკრეფად მუშაობა, არცთუ მცირე სახელფასო ანაზღაურებით ზუგდიდში შესთავაზა, თუმცა, დასტური მხოლოდ რამდენიმე ადამიანისგან მიიღო.
როგორც გურიაში ამბობენ, ხელისუფლების მსგავსი შემოთავაზებები კრახით სრულდება, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, ბიზნესმენები თანხას არ იხდიან, ან ძალიან მცირე ანაზღაურებას სთავაზობენ.
_ შრომითი მიგრანტების ქვეყანაში დაბრუნების ერთადერთი რეალური საშუალებაა ქვეყანაში ბიზნესის წამოწყების და წარმოების გამარტივებული პროცედურები; ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; საბანკო-საწარმოო სასესხო კაპიტალის ხელმისაწვდომობა. მე შევჩერდები მხოლოდ სამ საკითხზე, თუ რა როლს თამაშობს პარლამენტი ამ მიმართებით: ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელსაც კენჭი უყარა პარლამენტმა 2010 წლის ბოლოს; ოზურგეთისთვის, როგორც აგრარული რაიონისათვის, საკმაოდ მნიშვნელოვანია პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის ინიციატივა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის დამატებით 150 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე. ეს საკითხიც პარლამენტში განხილვის შედეგი იყო; და ბოლოს, სულ ახალი ინიციატივა, რომელიც პარლამენტში საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე ამჟამად განიხილება ჴ კანონპროექტი “საპარტნიორო ფონდის შესახებ”, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციების მოზიდვას, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელმისაწვდომობას, სოფლის მეურნეობის სფეროში 5 მილიონი ლარის, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო სფეროში 30 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხილვის და მხარდაჭერის წესს ითვალისწინებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა შანიძემ.
_ ბატონო გოჩა, საარჩევნოდ სამუშაო ადგილებს შეგვპირდით, რისი ასრულების შემთხვევაში, მიგრაციის დონე მკვეთრად შემცირდებოდა. დღემდე, ეს დაპირება დაპირებად დარჩა.
_ კიდევ ერთხელ ვიტყვი _ ოზურგეთი აგრარული მუნიციპალიტეტია და არსებული რეალობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად ამ სფეროს გამოცხადება იქნება მასტიმულირებელი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მიგრაციის შემცირების და მიგრანტთა დაბრუნების თვალსაზრისით.
_ ხელისუფლება რას აკეთებს მოქალაქეების ინფორმირებისთვის? სამწუხაროდ, არ ხდება იმ საფრთხეების გაცნობა, რაც შეიძლება შრომით მიგრაციას მოჰყვეს.
_ მინდა დაგეთანხმოთ, რომ ვერც მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, და ვფიქრობ, ვერც ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელისუფლება ამ მიმართებით _ რასაც ჰქვია ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება, სამწუხაროდ ვერანაირ ქმედით ნაბიჯებს ვერ ვდგამთ. არანაირ განმარტებით საქმიანობას (ოფიციალურ და საჯარო საქმიანობაზე მაქვს საუბარი) არ ვეწევით. ვფიქრობ, ინფორმირების თვალსაზრისით, ბევრად უკეთ ამ სამუშაოს მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეასრულებენ. ამის გასაკეთებლად საჭირო სახსრები შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც იქნას მოძიებული, მაგრამ ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებიც შეიძლება გამოვიყენოთ; მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს “გრანტების პროგრამით” გამოყოფილი აქვს სახსრები, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა აქტივობის დაფინანსება, მათ შორის, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული ინფორმირების პროექტიც, _ გვითხრა შანიძემ.
როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემის დაძლევის კონკრეტული ხედვა გურიის არც ერთ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის ხელისუფლება ვერ გვპასუხობს, რა უნდა გააკეთონ მიგრაციის მკვეთრად გაზრდილი დონის შესამცირებლად.
ამ საკითხზე გურიაში არც არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ. დედაქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა პროფილი შრომითი მიგრაციაა, კვლევებს აწარმოებენ და მოსახლეობას დახმარებასაც სთავაზობენ, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მათი საქმიანობის შესახებ ადგილობრივმა საზოგადოებამ არაფერი იცის, რადგან, ამ ორგანიზაციებს გურიაში ფილიალი არ აქვთ.
გურიაში ფილიალი არც ახლახან ჩამოყალიბებულ სპეციალიზებულ ბიუროს _ შპს „მიგრანტთა საადვოკატო ბიუროს” გაუხსნია. თუმცა, მათი მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომია. როგორც გვითხრეს, ადვოკატები სამართლებრივ დახმარებას შრომით ემიგრანტებს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ქსელების (სკაიპი, ფეისბუქი, ოდნოკლასნიკი და ა.შ.) გამოყენებით გაუწევენ.
– მიგრანტთა საადვოკატო ბიურო აქცენტს ემიგრანტების მომსახურებაზე აკეთებს ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი სამშობლოდან მოშორებით იმყოფებიან. მაგალითად, როდესაც ადამიანი სხვა ქვეყანაში იმყოფება, მაგრამ საქართველოში აქვს ისეთი დოკუმენტაცია, როგორიც არის ქორწინების მოწმობა, ქონების დეკლარაცია და მისი წარდგენა სჭირდება ამ თუ იმ ქვეყანაში, ჩვენ მათ ამ დოკუმენტების მომზადებაში აუცილებლად დავეხმარებით. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ვიზების გაგრძელება, მათაც დავეხმარებით შესაბამისი საბუთების მომზადებაში, მაგრამ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ ჩავერევით, _ ამბობს მიგრანტთა საადვოკატო ბიუროს დირექტორი ზაალ სარაჯიშვილი.
ბიუროს მომსახურების ღირებულება 100 ლარიდან იწყება; საფასური კი, საქმის სირთულეზეაა დამოკიდებული.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შრომითი მიგრანტების დიდი ნაწილი სწორედ თურქეთზე მოდის.
ყველა აღიარებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მიგრაცია დიდი პრობლემაა, პრობლემა, რომლის მოგვარების გზებიც დაზუსტებით არავინ იცის. ისიც ფაქტია, რომ ამ თემაზე საუბარს სახელმწიფო სტრუქტურები გაურბიან, არადა, ეს ის საკითხია, რომელზეც საუბარი და მოქმედება აუცილებელია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თურქეთში მყოფი ქართველების მიმართ, ტრეფიკინგის ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებზე უფრო მეტად უნდა იზრუნოს, როგორც მათი უფლებების დაცვის, ასევე ინფორმირების კუთხით. ამ რეპორტაჟებზე მუშაობისას, თურქეთში მომუშავე ბევრი ქართველისგან მოვისმინეთ, რომ საქართველოს საელჩო, ხშირ შემთხვევაში, მათ ინტერესებს არ ითვალისწინებს. ჩვენ შევეცადეთ ეს ინფორმაცია უშუალოდ საელჩოში გადაგვემოწმებინა, მაგრამ უშედეგოდ _ თურქეთში საქართველოს საელჩოსთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სახელმწიფო ამ საკითხს შესაბამისად არ განიხილავს. ამის შედეგი კი ის არის, რომ შრომითი მიგრანტების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამასთან ერთად იზრდება ის რისკები, რომელიც ამ გზაზე ქართველებს მრავლად ხვდებათ.