წმინდანის სოფელს დედაქალაქიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან მრავალი სტუმარი ეწვია. თუმცა, როგორც წესი, მასპინძლები ჭარბობდნენ.
ექვთიმეს სახლ-მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სტუმრებიც მიესალმნენ. მუზეუმის დირექტორმა რუსლან ურუშაძემ საგანგებოდ აღნიშნა მეცენატთა და ენთუზიასტთა ერთობლივი დამსახურების შესახებ, ვინც ექვთიმეს სახელის უკვდავყოფისა და მისი სოფლის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად იზრუნა. ასევე, გაიმართა ალეგრობის დღესასწაული, უძველესი გურული სახალხო ზეიმი. ლიხაურის ცენტრში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის შემოგარენში ყველა სოფელმა ორიგინალურად წარმოადგინა ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი ცოცხალი სურათები, მოეწყო სხვადასხვა გამოფენა, სტუმრები გაეცნენ გურულ სამზარეულოს.
პარალელურად ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის, კულტურის ცენტრისა და სახელმწიფო ანსამბლ “შვიდკაცას” მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
სტუმარ-მასპინძლები ამ სახალხო დღესასწაულის კიდევ უფრო გაფართოებასა და განმტკიცებაზე საუბრობდნენ.