როგორც ჩხარტიშვილის წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ:
“ფაქტი თავისთავად მრავლისმეტყველია, რადგანაც თუ დინამიკაში დავაკვირდებით ამ დავის მიმდინარეობას, დასკვნა ცალსახად ერთმნიშვნელოვანია, საქმე გვაქვს უარგუმენტო და უსაფუძვლო პრეტენზიებთან, რომელიც სამართლებრივი განხილვისას წაგებისთვის არის განწირული და მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლისთვისაა განკუთვნილი.”
როგორც ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენლები აცხადებენ, ინა გუდავაძის მხრიდან სარჩელები შეტანილ იქნა როგორც ქართულ, ისე ბრიტანულ სასამართლოებში. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლომ 2012 წლის ივნისში უარი უთხრა ქალბატონ ინას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და საადვოკატო მომსახურების სოლიდური ხარჯებიც მასვე დააკისრა.
2013 წლის 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ინა გუდავაძის მხარემ სარჩელი უკან გაიხმო. მიზეზად დასახელდა ის, რომ საკითხი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოში იხილებოდა. ამჯერად, ამ სასამართლოდანაც იქნა სარჩელი გახმობილი.
“გურია ნიუსი” ამ საკითხის გარკვევას ბადრი პატარკაციშვილის დისგან, მზია პატარკაციშვილისგან შეეცადა. როგორც აღმოჩნდა, მზია პატარკაციშვილმა სარჩელების უკან გამოთხოვის შესახებ არაფერი იცოდა და ეს პრესკონფერენციაზე ირაკლი რუხაძესთან დააზუსტა, უფრო სწორად, მისგან შეიტყო.
საბოლოოდ, პასუხი სწორედ ირაკლი რუხაძემ გაგვცა, რომელიც განსვენებულ ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული პირი გახლდათ, რომელიც მის გარდაცვალებამდე საქართველოში ბიზნესმენის ქონებას განკარგავდა. არის “რუსთავის ფოლადის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც.
“ჩვენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სარჩელი სხვადასხვა ადგილას დავწერეთ და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ყველა სარჩელი გაგვეერთიანებინა და ისე შევიტანოთ ლონდონის სასამართლოში. გვაქვს რაღაც გადაწყვეტილება მიღებული, უბრალოდ დღეს ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს. ვხურავთ სხვადასხვა იუსტიციებში საკითხებს, რომ გავაერთიანოთ ყველა.
ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით ერთი საკითხი ეხება ყულევის პორტის თემას, რომელიც განიხილებოდა ლონდონში და გადმოვიტანეთ აქეთ. რატომ გაუხარდათ ეს ამბავი, არ ვიცი. დოკუმენტები ყველაფერი არსებობს. იმ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომლის წილებიც ვანომ წაიღო, მე ვიყავი და რა გამოდის ახლა, ვანოზე ვმუშაობდი, იქ რომ ვიჯექი?
_ ხუხაშვილი გეხმარებოდათ ამ საქმეში? ამბობენ, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ “შავი პიარის” აგორებაში?
_ რაც შეეხება თქვენს კითხვას ხუხაშვილთან დაკავშირებით, გამოიძიონ ეს თემა ნორმალურად და არც ხუხაშვილი დაგვჭირდება და არც არავინ, “შავი პიარი” რა შუაშია…
შეგახსენებთ, რომ ინა გუდავაძემ ქონებრივი დავა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან მეოთხე წელს დაიწყო, რაც საეჭვოდ დაემთხვა, ერთის მხრივ, ქალბატონ ინასა და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის გაფორმებულ ე.წ. “გრიფით საიდუმლო” ხელშეკრულებას და, მეორეს მხრივ, ვანო ჩხარტიშვილსა და სააკაშვილის რეჟიმს შორის დაპირისპირების ესკალაციას.