როგორც “ნაციონალური მოძრაობის “რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ასკურავა აცხადებს , რამდენიმე “ქართული ოცნების” წევრმა _ ნუგზარ ცინცაძემ და სხვებმა გიორგი მარგველაშვილის პლაკატები გადააკრეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, როცა ბაქრაძის პლაკატებს მარგველაშვილის პლაკატებს ზემოდან აკრავდნენ, ადგილზე კახა ასკურავა მივიდა, რა დროსაც მასსა და გიორგი ზენაიშვილს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებას გადაიზარდა.
თავად გიორგი ზენაიშვილი ამბობს, რომ მას კახა ასკურავამ ხელი გაარტყა.
მოგვიანებით “გურია ნიუსი” “ქართული ოცნების” წევრს, ნუგზარ ცინცაძეს დაუკავშირდა, რომელმაც არ უარყო, რომ ბაქრაძის პლაკატებს მან გადააკრა მარგველაშვილის პლაკატები, ასევე, მისი თქმით, მან გააკეთა საკმაოდ მკვეთრი განცხადებები იმის შესახებ, რომ იმ პარტიის პლაკატები ან საერთოდ მისი აგიტაცია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია, არ შეიძლება იყოს საქართველოში. მისივე განცხადებით, ის ისევ არ მოერიდება მსგავსი საქციელის ჩადენას, თუ სადმე ისევ გადააწყდება ბაქრაძის პლაკატებს:
_ დილით დავინახე შენობაზე გაკრული ბაქრაძის პლაკატები. მე, ნუგზარ ცინცაძე, “ქართული ოცნების” წევრი და აქტივისტი ვაცხადებ, რომ არ შეიძლება “ნაციონალური მოძრაობის” პლაკატები იყოს საერთოდ საქართველოში. სადაც კი ვნახავ მაგათ პლაკატებს, ჩამოვხევ, ყველაფერ უბედურებას დავმართებ პლაკატებსაც და “ნაციონალების” მომხრეებსაც.
_ გიორგი ზენაიშვილიც იღებდა მონაწილეობას პლაკატების გაკვრაში?
_ არა, მარტო მე ვაკრავდი. თავდაპირველად კახა ასკურავა მომადგა მე. მასთანაც დავაფიქსირე, რომ დამთავრდა მათი არსებობა და “ნაციონალური მოძრაობა„ წარსულს ჩაბარდა. ამ დროს მოვიდა გიორგი ზენაიშვილი, რის შემდეგ მოხდა შელაპარაკება მასსა და კახა ასკურავას შორის, რის შემდეგაც კახა ასკურავა მას ხელით შეეხო.
კახა ასკურავა ამ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ გიორგი ზენაიშვილმა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა რის გამოც ზენაიშვილს საკადრისი პასუხი გასცა:
_ მივედი და შენიშვნა მივეცი პირებს, რომლებიც პლაკატებზე პლაკატებს აკრავდნენ. ამის შემდეგ წამოვიდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მეც ადამიანი ვარ, შევედი კონფლიქტში. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ხდებოდა პოლიციის გვერდით. ძალიან სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი ორგანოს შენობის გვერდით მსგავს ფაქტს აქვს ადგილი, _ აღნიშნა კახა ასკურავამ.
მოგვიანებით ოზურგეთში ამ ფაქტს ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჩამოსული გიორგი ვაშაძეც გამოეხმაურა, რომელმაც “გურია ნიუსის” კორესპონდენტთან გიორგი გირკელიძესთან ამ თემაზე კომენტარი გააკეთა და შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, მკაცრი რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე:
_ წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფაქტორის შემაკავებელი არ იქნება არაფერი. ეს არ შეუწყობს ხელს ნორმალურ საარჩევნო გარემოს და მიმართულია იქითკენ, რომ დააშინონ ჩვენი ამომრჩეველი, _ აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ხელაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, შელაპარაკების შედეგად ერთ-ერთ ახალგაზრდას კახა ასკურავა ხელით შეეხო:
_ ბატონი კახასგან ამას არ ველოდით. თუ ეს დამტკიცდა, მაშინ მისი მხრიდან არასწორი საქციელია, _ დასძენს ხელაძე.