ფესტივალის ორგანიზატორები არიან შემოქმედთა გაერთიანება “რევერანსის” ხელმძღვანელი ბესიკ ლომსაძე და გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორი რუსუდან ჩიტაური.
“გურია ნიუსი” ბესო ლომსაძეს დაუკავშირდა.
ბესიკ ლომსაძე:
_ ფესტივალი წელს პირველად ტარდება საქართველოში და ეძღვნება ესტონეთის კოლგა-კუუსალუს გუნდის გასტროლებს ჩვენს ქვეყანაში. გუნდის ხელმძღვანელია ტაავი ესკო. ესტონელები დღეს 2 საათზე უნივერსიტეტში გამართავენ კონცერტს და დღესვე წავიყვანთ გურჯაანში. ფესტივალი ხვალ 14 საათზე გაიხსნება. მასში მონაწილეობენ გურჯაანის კულტურის ცენტრის ბიჭუნათა ფორლკორული გუნდი, ხელმძღვანელი ილია დათუნაშვილი, ფოლკლორული ანსამბლი “ხარება”, ხელმძღვანელი ტარიელ ჯაჭვაძე, ასევე თბილისის ფოლკლორული ანსამბლი “მარიალისი”, ხელმძღვანელი რუსუდან ჩიტაური და თბილისის ფოლკლორული ანსამბლი “თორდა”, ხელმძღვანელი თამარ ალადაშვილი. ფესტივალის გახსნაზე ესტონეთის გუნდიც წარსდგება მაყურებლის წინაშე. 26 ოქტომბერს სიღნაღში გამართავენ კონცერტს. 27 ოქტომბერს დაგეგმილი გვაქვს სტუმრებს გავაცნოთ კახეთის ღირშესანიშნაობები. ძალიან უნდოდათ მუსიკალურ ოჯახებში ცხოვრება, რათა უფრო ახლოს გაეცნონ ქართულ ფოლკლორს. ჩვენ მოვძებნეთ ასეთი ოჯახები და ისინი უმასპინძლებენ, თან ყურძენს დააკრეფინებენ, სტუმრებს დაასწრებენ თათარის მოდუღებას, არყის გამოხდას.
_ რამდენი ადამიანისგან შედგება ესტონელების გუნდი და მხოლოდ ფოლკლორული შემოქმედებით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე?
_ გუნდში 27 შემოქმედია. ისინი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან როგორც ფოლკლორული, ისე კლასიკური ნაწარმოებებით. საკმაოდ დიდი და საინტერესო პროგრამა გვაქვს. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და ყველას გეპატიჟებით.