შეხვედრას უძღვებოდა სენატორი პაოლო რომანი, რომელიც 17 ოქტომბერს დაინიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელად.
შეხვედრაზე საქართველოს საგაგნგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის სენატის წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. კარლო სიხარულიძემ სენატორებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის თაობაზე.
ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო სიტუაციაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით მოემგზავრება იტალიელ პარლამენტართა 11 კაციანი ჯგუფი, რომელიც შედგება ნატოს, ეუთოსა და ევროპის საბჭოში იტალიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებისაგან.
კარლო სიხარულიძემ სენატში შეხვედრისას ასევე ისაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ვილნიუსის სამიტზე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს წინსვლასა და რუსეთთან ურთიერთობზე.
ახლო მომავალში იტალიის სენატში საქართველოს საკითხებზე კიდევ ერთი მოსმენა გაიმართება, სადაც საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტო კონტაქტების ჩამოყალიბებაზე ისაუბრებენ.