შაშიაშვილმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ მიმართა ქვეყნის პრემიერს:
“დემოკრატიულ ქვეყნებში არავინ ფიქრობს იმის თაობაზე გაყალბდება თუ არა არჩევნები. ჩვენ ეჭვი არჩევნების გაყალბების შესახებ სწორედ პრემიერის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა და დადგენილმა პროცენტულმა მაჩვენებლებმა გაგვიჩინა. ბიძინა ივანიშვილის პროგნოზები საჯარო მოხელეთათვის მითითებაა და სწორედ იმ დაანონსებული პროცენტის დადგენას შეეცდება ყველა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყნის განვითარება და მისი წარმატება “ქართული ოცნების” შიგნითაა, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ქვეყნის შემდგომი განვითარების და თავად ბატონი ბიძინას წარმატება სწორედ რომ “ოცნების” გარეთაა. ივანიშვილი უშვებს უსერიოზულეს შეცდომას, როცა პრემიერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ერთად დადიან შეხვედრაზე, ერთად ჩნდებიან ტელევიზიების ეთერებში. არ შეიძლება ხალხს თავზე მოახვიო შენი სურვილი და არ შეიძლება ხალხმა მთავრობა და პრეზიდენტი მხოლოდ ბიძინას ხათრით აირჩიოს. დემოკრატია არჩევანის თავისუფლებაა. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხალხს ეს თავისუფალი არჩევანი წაართვა, თვითონ წყვეტდნენ ყველაფერს და დღეს “ოცნებაც” ამას აკეთებს. სად არის დემოკრატია, როცა პრეზიდენტობის კანდიდატებს ერთნაირი საშუალება არ ჰქონდათ წინასაარჩევნოდ, ზოგისთვის უფასო რეკლამა იყო, ზოგს ფული უნდა გადაეხადა. სამწუხაროა, როცა წინასწარ აცხადებენ, მარგველაშვილი პირველ ადგილზეა, ხოლო ბაქრაძე მეორეზეო. ბაქრაძის გათრევას ცდილობს „ოცნება“ მეორე ადგილზე, რათა მერე თქვან, პარლამენტს გარეთ სხვა ოპოზიციური ძალა არ არსებობსო და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც არ არის საჭიროო. ამით ერთად ცდილობენ კიდევ დიდხანს ჩაკეტონ პრემიერი ტყუილებში. ეს ყველაფერი საკმაოდ მძიმე შედეგს გამოიღებს.
თუ დაუკვირდებით, დაინახავთ, რომ ვინც ყველაზე მეტად საუბრობს ევროპულ ღირებულებებზე, სწორედ ის პარტიები გვაშორებენ ევროპას. მე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ჩემთვის უმთავრესი ქართული ღირებულებაა, ქართველი ვარ და ვამაყობ ამით”, _ განაცხადა შაშიაშვილმა.
პრესკონფერენციის დასასრულს თეთრების ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას არ დაუშვან არჩევნების გაყალბება და მისცენ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.
“მე დღემდე ვფიქრობდი, რომ ივანიშვილი გამოვიდოდა და იტყოდა, მე ერთი კაცის მხარდამჭერი და პრემიერი კი არა, ქვეყნის პრემიერი ვარ და ხალხს არჩევანის თავისუფლებას მისცემდა, მაგრამ მაშინ, როცა ის ამბობს, პოლიტიკიდან მივდივარო და უკვე იცის ვინ იქნება პრემიერი, ქალაქის მერი, როგორ დავიჯეროთ რომ არჩევნები არ გაყალბდება. მე დღეს ვაცხადებ, რომ თუ პირველ ადგილზე მარგველაშვილი გავა-არჩევნები გაყალბებულია, ხოლო თუ მეორეზე-ბაქრაძე, მაშინ სუპერგაყალბებული. ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მიეცით ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლება”, _ განაცხადა შაშიაშვილმა.