ნორლანდი ნანა ოყუჯავას დახურულ კარს მიღმა შეხვდა და როგორც შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოხარულია საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდება.
ამასთან, ნორლანდი დღეს ზუგდიდში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათგან წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ, რაც გულისხმობს, რომ აშშ-ის სადამკვირვებლო ჯგუფი და ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციებს გაცვლიან.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ არჩევნების დღეს ზუგდიდში ჩავა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დააკვირდება კენჭისყრის პროცესს, რაც ხელს შეუწყოფს გამჭვირვალობას და დარღვევების თავიდან აცილებას.
ელჩის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, შარშანდელი არჩევნები უფრო დაძაბული იყო და წინასაარჩევნო პროცესიც უფრო მძიმე.
დასასრულს რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს. შეერთებული შტატებს ყველასთან მჭიდრო კავშირი ექნება.