ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებლის წინაშე მორიგი პრემიერით წარსდგა. რეჟისორმა ოთარ კუტალაძემ დადგა თამაზ მეტრეველის ორმოქმედებიანი კომედია “შეშლილი, შეშლილი ახალი წელი.”
მოქმედება თეთრი ქსოვილით აგებულ სცენურ სივრცეში მიმდინარეობს (მხატვარი თამაზ დარჩია). თეთრი ქსოვილით აგებული კონსტრუქცია ხაფანგის ასოციაციას იწვევს და მთელი მოქმედება ერთ ოთახში ვითარდება. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მსახიობები მაქსიმალურად დაიხარჯნენ და მაყურებელი ამ “ხაფანგში” “შეიტყუეს”, კარგად დაანახეს რა ხდება, როცა მხოლოდ დღევანდელობით ცხოვრობ და მომავალი მხოლოდ “სიტყვის მასალაა” _ “ხვალიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებთ!”
სპექტაკლში კლასიკური მუსიკა ჟღერდა, რაც ორგანულად ერწყმოდა სცენაზე მიმდინარე მოქმედებას (მუსიკალური გამფორმებელი თორნიკე სურგულაძე). სპექტაკლს ხალისი შემატა მსახიობების მიერ ოსტატურად შესრულებულმა ცეკვებმა (ქორეოგრაფი ლია მარტიაშვილი). სახასიათო სახეების ოსტატურად შესრულებით, რეჟისორ ოთარ კუტალაძის მიერ კარგად მიგნებული კომედიური და პიესის დადგმის ხერხებით, “შეშლილი, შეშლილი, ახალი წელი” ერთ-ერთ წარმატებულ სპექტაკლად შეიძლება ჩაითვალოს. მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს საყვარელ მსახიობებს.