“საარჩევნო უბნიდან მოსული პირველი შთაბეჭდილებებით ისე აღელვებული ვიყავი, ჩემი მთავარი სათქმელი ვერ ვთქვი და ძალიან მინდა ასობით სალონიკელის სათქმელი მთელ საქართველოს გავაგებინო. არჩევნების შედეგები აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება რომ მიეცათ. ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი რეგისტრაციაში რომ გაეტარებინათ, სალონიკში გამარჯვება გარდაუვალი იქნებოდა, რადგან ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. არჩევანიც წაგვართვეს და სიიდანაც ამოგვშალეს. რომელ დემოკრატიულ არჩევნებზეა საუბარი. ქართველმა დღეს არ დამინდო და ქართველად არ მცნო როგორც მე, ისე ასობით ამომრჩეველი. ამ წუთში თურქეთიდან დამირეკეს, თქვენი სტატია წაუკითხიათ და მითხრეს, რომ მათთანაც იგივე სიტუაცია იყო. ისე დატოვეს თურმე ქართველმა ემიგრანტებმა საარჩევნო უბანი, უკან მიხედვაც აღარ უნდოდათ. მე კარგად მესმის მათი და მადლობა თქვენ, ჩვენი სატკივარი გულთან რომ მიიტანეთ.
მინდა ვისარგებლო თქვენთან საუბრით და გიორგი მარგველაშვილს ვულოცავ გამარჯვებას, მაგრამ ნაციონალების მეორე ადგილზე გასვლა ბევრ ეჭვს იწვევს და ვფიქრობ საფრთხეს უქმნის საქართველოს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რატომღაც მგონია, კოჰაბიტაცია კი არ მთავრდება, არამედ გაგრძელდება”, _ აღნიშნა წიქარიშვილმა.






























































