დღეს ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე მიქაიამ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ არავითარი შეთავაზება არ ჰქონია, ეს არის ჭორი და არ არის საჭირო მოვლენებისთვის გასწრება.
კახა მიქაიამ ასევე ისაუბრა საპრეზიდენტო არჩევნებზე და სამეგრელოში მიღებულ შედეგებზე.
“ჩემი გუბერნატორად მოაზრების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე. არანაირი შეთავაზება ჯერ არ მიმიღია, ვნახოთ მომავალში რა იქნება. რაც შეეხება 27 ოქტომბრის არჩევნებს, მართლაც დემოკრატიული და გამჭვირვალე იყო. მე ვიცოდი რა შედეგები იქნებოდა ზუგდიდსა და სენაკში. სამეგრელოში ჯერ კიდევ მოქმედებს ის შიში, რაც წლების მანძილზე ჩანერგეს ხალხში ახალაიამ და მეგის ქარდავამ. ერთი წელი საკმაოდ ცოტა დროა ამ ბურანიდან გამოსასვლელად.
გარდა ამისა, მიღებული შედეგი “ოცნების” შტაბის არაადეკვატურობამ და სისუსტემაც გამოიწვია. როცა მე ვნახე შტაბის ე.წ. სტაფი, ძალიან გამიკვირდა და ერთ-ერთ ინტერვიუში განვაცხადე კიდეც, რომ შედეგი იქნებოდა 50/50-ზე.
საქმე ისაა, რომ ის ხალხი, ვინც მართლა იბრძოდა “ქართული ოცნების” გამარჯვებისთვის, ამ არჩევნებზე გვერდზე გაწიეს, “ნაციონალები” გადაბარგდნენ “ოცნებაში” და შედეგიც სახეზეა. შტაბის მუშაობის სისუსტე გამოჩნდა იქიდანაც, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ზუგდიდში 2000 ადამიანი იყო მისული. სამეგრელოს სხვა ქალაქების შედეგები გაცილებით უკეთესია. მთავარია, რომ სააკაშვილი დამთავრდა, დამთავრდა “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში,” _ განაცხადა მიქაიამ.
მან “დაიცავი საქართველოს” მიერ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩატარებული აქციებიც გაიხსენა.
“ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ ჩატარებული აქციები ზოგს მოსწონდა, ზოგს არა, მაგრამ მინდა გითხრათ, მე ყოველთვის ვიყავი გულწრფელი და ამ აქციების მიზანი იყო მიშას პარპაშის შეჩერება. რომ არა ეს აქციები, სააკაშვილი ისევ გააგრძელებდა რეკლამირებას, რაც საკმაოდ ახდენდა ხალხზე გავლენას და შედეგი კიდევ უფრო უარესი იქნებოდა. ახლა “ნაციონალური მოძრაობა” დამთავრდა საქართველოში და მიშა პროკურატურისთვის და ძალოვანებისთვის დამილოცია,“ _ განაცხადა მიქაიამ.