განსაკუთრებით კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურია-აჭარის საზღვარზე, სოფლებს ჭანიეთსა და გაღმა-გამოღმა ქაქუთს შორის, ე. წ. ქართული “ბერმუდის სამკუთხედი” გაჩნდა. აქ 350-400-კილოიანი მეწველი ძროხები ისე ქრებიან, როგორც ჰამილტონთან, ატლანტიკის ოკეანეში უზარმაზარი გემები თუ თვითმფრინავები. მკითხველს, იქნებ დაუჯერებლადაც მოეჩვენოს, რასაც ქვემოთ ვუამბობთ, _ ჭანიეთში, სადაც ძირითადად ვაკე საძოვარი ადგილებია, უმეტესად არის ჩაის პლანტაციები და ბათუმ-ქალაქისკენ მიმავალი ცენტრალური ტრასა, ადრეც და განსაკუთრებით, 5-6 თვის განმავლობაში, ყოველ 10 დღეში ან 2 კვირაში, დღისით, მზისით იპარავენ ძროხებს, თან _ საუკეთესოს, დიდს, მეწველსა და ხორციანს. აშკარაა, ეს უკვე აღარ არის შემთხვევითობა და უეჭველია, უკვე სერიოზული ბანდა ჩამოყალიბდა, რომელიც დღითი დღე თავხედდება, უარესს კადრულობს.
არაერთ ოჯახს, რომელსაც ძროხა-მარჩენალი დაეკარგა, პოლიციისთვის არ მიუმართავს და დღესაც უიმედოდ, მაგრამ მაინც განაგრძობს ძებნას. თუმცა “გურია ნიუსი” უკვე წერდა ამ “აღორძინებული” ავაზაკობის _ ძროხების ქურდობის შესახებ, რამაც ათეული წლების წინ, ლამის, მთელი გურია წალეკა და წელს ნასაკირალსა თუ ანასეულში არაერთი ძროხა მოიპარეს. სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ სურგულაძემ და რწმუნებულმა დათო მჟავანაძემ საქმის კურსში ჩააყენეს ოზურგეთის პოლიცია. თუმცა ქურდობა არა თუ შეწყდა, გაგრძელდა და უკვე საშიში ხასიათი მიიღო. მას შემდეგ, რაც ნარი ჩახუნაშვილს, სერგო ბოიაჯანს და სოსო ჩახვაძეს თანმიმდევრულად მოპარეს მაკე დეკეული თუ მეწველი ძროხები, ქურდობა უფრო გახშირდა და ორი კვირის წინ ნაირა ურუშაძესა და მინდია შავიშვილს ასევე მაკე და მეწველი ძროხები წასცინცლეს. 24 ივნისს კი ჭანიეთელებს კუკური თავაძესა და ავთანდილ კალანდაძეს მოპარეს მეწველი ძროხები, შესაბამისად 300-350 კგ წონის, კარგი ჯიშისა და წველადობის მქონე. ქურდობას, ჯერჯერობით, უცვლელი ხასიათი აქვს, _ დილით საძოვარზე გაშვებული პირუტყვი, საღამოს შინ არ ბრუნდება, პატრონები კი ეძებენ და ვერ პოულობენ. აღსანიშნავია, რომ ქურდობა სწორედ დღისით ხდება. სოფლის მცხოვრებლებმა, რომლებმაც ძროხები დაკარგეს, ირგვლივ მდებარე სოფლები, საძოვარი ადგილები თუ მცირე დაჭაობებული ტერიტორიები ფეხდაფეხ მოიარეს, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. სოფელი ჭანიეთი მთის ზონას არ განეკუთვნება, ლამის, დაბის ყაიდისაა, მდებარეობს ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალური გზის გასწვრივ და ხშირია, როგორც სატრანსპორტო, ისე ქვეითი მოძრაობა. აქ მტაცებელი ცხოველების (დათვი, მგელი) შემოვარდნაც წარმოუდგენელია. არც უფსკრულებია და არც სხვა რამ გადასაჩეხი ადგილები. ახლა ისეთი პერიოდია, ირგვლივ მდებარე ყანებსა თუ ჩაის ფართობებში ადამიანები ხშირად მუშაობენ და ქურდს ნაკლები შანსი აქვს, ხელაღებით იმოქმედოს. ამიტომ მოსახლეობა საფუძვლიანად ეჭვობს, რომ საქმე აქვს ორგანიზებულ, თავზე ხელაღებულ ბანდასთან, რომელსაც ხელს უმართავს ციხის შიგნიდან გამტეხი. დაზარალებულებმა უკვე მიმართეს პოლიციას, საიდანაც დახმარება აღუთქვეს. თუმცა ხალხი მეტ ოპერატიულობას ითხოვს და პესიმისტურადაც არის განწყობილი. მაინც ვერაფერს იპოვიან, ჩვენი საშველი არ არის, ძველი უბედური დრო ბრუნდება, ერთადერთ ლუკმასაც პირიდან გვაცლიანო.
ჭანიეთის მოსახლეობა შეშფოთებულია იმის გამოც, რომ უკვე საძოვარზე ძროხებს ვერ უშვებენ. ზოგი საკუთარ ეზო-გარემოში აბალახებს პირუტყვს და “მხსნელის” მოსვლას ელოდება. ზოგი კი, ვისაც ვრცელი ეზო-გარემო არ აქვს, ძროხას შიშითა და კანკალით უშვებს საძოვარზე და საღამომდე საძებრად მიდის.
თავის მხრივ, პოლიცია სამართლიან საყვედურს გამოთქვამს იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც ამ დროის განმავლობაში პირუტყვი დაკარგა, შესაბამის ორგანოებს არ მიმართა და საკუთარი ძალებით განაგრძობდა ძებნას. თუ განცხადება არ შემოიტანეს, რა ვიცით, ვის რა დაეკარგაო. მოსახლეობაში არსებობს მენტალური შეხედულებებიც, თუ მავანი ძალოვანი ამ ყველაფერს ხელს არ უწყობს და წაყრუების პოლიტიკას არ ატარებს, სანამ ქურდი ცხრა გორს გადაირბენდეს, მანამ რატომ არ მოქმედებენ დროულად და ოპერატიულადო?
“გურია ნიუსი” ჭანიეთლებს შეხვდა. ისინი შეშფოთებული არიან, სამართალდამცავი ორგანოებისგან დაუყოვნებლივ დახმარებას, ოპერატიულ ქმედებას და ქურდების გამოაშკარავებას ითხოვენ. მათ გადაწყვეტილი აქვთ, უახლოეს დღეებში შეიკრიბონ საქართველოს პრეზიდენტის მდივნის ცაცა ლომჯარიას სახლთან და მას, როგორც ამ სოფლის შვილს, თხოვონ დახმარება ამ საგანგაშო მდგომარეობის გამო.
ეთერ ლომჯარია: _ იმას, რაც ახლა ჭანიეთში ხდება, სოფლის დაბრიყვება ჰქვია. იქნებ, უმნიშვნელო ამბავი ჰგონია ვინმეს, მოკლე დროში სოფლიდან 7 სული მეწველი ძროხის მოპარვა. საუკეთესო ძროხებია არჩეული. თუ ქურდები დროულად არ გამოავლინა პოლიციამ, მალე ოთხფეხი პირუტყვი აღარ გაივლის სოფელში. მათ სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ.
ნარი ჩახუნაშვილი: _ ძროხა ჭიშკართან გადავდენე, შორს არ დადიოდა საბალახოდ, საღამომდე მომპარეს. ამაოდ ვეძებ დღემდე. უკვე ყველას ეშინია ძროხის გადაღმა გადაშვება, ეს საქმეა? პოლიციას შეუძლია, ეს გამოიძიოს. მე ობლებს ვზრდი და ლუკმა პირიდან ამოართვეს ჩემს შვილებს, ვის შეერგება? რაღაც თუ არ ვიღონეთ, ავად შემოგვეჩვია ვიღაც…
ელიზბარ თაბაგარი: _ მე მოხუცი კაცი ვარ, ჩემი მარჩენალი ძროხაა. ეს რომ მომპარონ, შიმშილი გარდაუვალია. საძოვარზე აღარ ვუშვებ, მაგრამ სადამდე დავაბა შინ? პოლიციამ და ხალხმა უნდა მოახერხოს და რაც შეიძლება, მალე უნდა გახსნან ეს საქმე, ქურდს უკვე თავს გაუვიდა.
მინდია შავიშვილი: _ 15 დღეა, ამაოდ ვეძებ დაკარგულ ძროხას, სად არ ვიყავი, მოუვლელი არ დამიტოვებია ახლო-მახლო სოფლების ლიხაურის, ლაითურის თუ ნარუჯის შემოგარენი, განაპირა ტყეები თუ ყანები. მკვდარი, დამხრჩვალი ან ნადირის შეჭმული რომ მეპოვა, გულს შევაჯერებდი. უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ რაღაც ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებს, პოლიცია უნდა დაგვეხმაროს, კარგა ხანია, ასეთი ქურდობა არ გაჩაღებულა.
სვეტა ბოიაჯანი: 10 ლიტრს იწველიდა, ისეთი ძროხა მომპარეს. 1 თვის ხბო ჰყავდა, სად უნდა წასულიყო? პატარა შვილიშვილი მყავს, მეწველის იმედად ვიყავი, ლუკმა წამართვეს. დეკნა მყავს კიდევ, შორს ვერ ვუშვებ, უკან დავდევ, რომ არ მომპარონ.
მზია თავართქილაძე: ეს, რაც ჭანიეთში ხდება, ძალიან ცუდი ფაქტია. გასაკვირია, ვინ ბედავს ასე ღიად და თავხედურად ქურდობას. პოლიციას ეს საქმე არ უნდა დარჩეს გაუხსნელი, თუ მოინდომებს.
მრავალთა აზრი: “მივმართოთ პოლიციას”; “დავუკავშირდეთ ცაცა ლომჯარიას, _ იგი, როგორც ამ სოფლის შვილი, ვალდებულიცაა ჭანიეთს ამ გასაჭირის ჟამს ყურადღება მიაქციოს”. ;”გადავკეტოთ ბათუმის ტრასა”.
ავთანდილ სურგულაძე, ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატი: _ ადრეც და ახლაც საქმის კურსში ჩავაყენე ოზურგეთის პოლიცია. ვფიქრობ, ქურდებს გამოააშკარავებენ.
დათო მჟავანაძე, ჭანიეთის რწმუნებული: _ ამ ქურდობების შესახებ, ვიცი და მივმართე კიდეც პოლიციას. ყოველდღიურად ყურადღებით ვარ და მსურს, შეუძლებელი შევძლოთ, რათა გამოაშკარავდეს, ვინ ჩადის ამ უსინდისობას. იმედი მაქვს, გაურკვეველი არაფერი დარჩება.