კანონის ახალი პროექტი იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების აუცილებლობას ითვალისწინებს. ნოტარიუსი ვალდებული იქნება, განუმარტოს მოვალეებს ის შედეგები, რომლებიც შესაძლოა, მოჰყვეს მათი მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობას. კანონი არეგულირებს საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარს, რომელიც კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, “ცვლილებების მიზანი იმ პირების მდგომარეობის შემსუბუქებაა, რომელთაც პრობლემური დავალიანება აქვთ კერძო იპოთეკარებთან დაკავშირებით; იპოთეკის ზედა ზღვარი იქნება წლიური 2,5%, თვიური − ამის მეთორმეტედი; 2,5 პროცენტი აითვლება კომერციული ბანკების საშუალო წლიური განაკვეთიდან. ცვლილებები შედის, ასევე, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონში. პირებს, რომელთა მიმართაც ხდება აღსრულება, შეეძლებათ წინმსწრები აუქციონის მოთხოვნა, სადაც საწყისი საბაზრო ფასის ლიმიტი არ იქნება. სეკვესტრის შემთხვევაში, როდესაც აუნაზღაურებადი მოთხოვნა მცირეა, შესაძლებელი ხდება ალტერნატიული აღსრულების საშუალებების მოთხოვნა”.
იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ უკვე მოიწონა და მალე ის საკანონმდებლო ორგანოში იქნება ინიცირებული.