მისი განცხადებით არასწორია ტენდენცია, როცა პოლიტიკოსი ანალიტიკოსს ეკამათება მხოლოდ თავისი სიმართლის და აზრის დასამტკიცებლად. საყვარელიძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ მას შევარდნაძემ დაურეკა და მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რამაც 27 ოქტომბერი მოიყვანა საქართველოში და აღნიშნა ანალიტიკოსების საქმის აუცილებლობა საზოგადოებაში ფიქრის და ანალიზის დანერგვის აუცილებლობაზე. აქვე ექსპერტმა შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნები და შემდეგი პერიოდი.
“საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა რა ბედნიერია ხალხი, როცა ნორმალურად მიდის პროცესი. ადამიანები მეორე დღეს ერთმანეთს აგრესიის გარეშე ხვდებოდნენ და ულოცავდნენ. ეს განწყობა მიუთითებს, რომ ხალხი დაიღალა და მოსწყურდა არა მარტო ცემა-ტყეპის და ქვების გარეშე, არამედ დაძაბულობის გარეშე არჩევნები. ამაღლდა პოლიტიკური კულტურაც. მათ, ვინც მიიღო დაბალი პროცენტი, აღიქვა წარუმატებლობად და ყოველგვარი ყვირილის, ექსესის გარეშე შეეგუა დამდგარ შედეგს, ზოგმა მიიღო პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება, ზოგმა ანალიზს მიმართა და რაც მთავარია ყველამ დაინახა როგორც არჩევნების, ისე მისი მომყოლი პერიოდის გაუმჯობესება. პირადად მე ძალიან მომეწონა ის ფაქტი, რომ ივანიშვილის არჩეული კანდიდატურა არა მარტო მისი ფავორიტია, არამედ ყოველდღე იზრდებოდა როგორც პოლიტიკოსი და ხალხის სიმპატიასაც იხვეჭდა. იმედია ასევე გააგრძელებს პრეზიდენტობის დროს და ხალხი არ ინანებს თავის არჩევანს”.
კითხვაზე-რა ბედი ელის ვანო მერაბიშვილს, წარსდეგება თუ არა სასამართლოს წინაშე მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მერე და რატომ არის უცხოელი პარტნიორების დიდი ყურადღება ამ პროცესებზე გადატანილი, საყვარელიძემ განაცხადა:
“საკმაოდ გამწვავდა ეს კითხვა არჩევნების შემდეგ. ამ დროს ჩნდება ერთი აზრი უცხოელების მიმართ-თუ ისინი დარწმუნებულნი არიან თავიანთი პოლიტიკური პარტნიორების სიმართლეში, რატომ აქვთ ასეთი დიდი ყურადღება და აქცენტი გადატანილი ამ პროცესზე?!. რატომ აქვთ გასაგებია, ისინი 9 წლის მანძილზე “დემოკრატიის მამად” მოიხსენიებდნენ სააკაშვილს და დღესაც ამბობენ, რომ უნდა გაგრძელდეს ის, რაც დაიწყო სააკაშვილმა. ჩვენი პარტნიორები უფრთხილდებიან თავიანთ თავს და საკმაოდ ინერტულები არიან, მაგრამ უნდა შევეჩვიოთ ამას. ფაქტიურად ისინი თავის თავს იცავენ. მიადგება თუ არა ჩრდილი ახალ ხელისუფლებას ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებით დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გამოვა დღის სინათლეზე. ამ ადამიანებს უფრო დიდი დანაშაული აქვთ ჩადენილი საზოგადოების წინაშე, ვიდრე წარდგენილი ბრალდებები. საჭიროა მეტი პროფესიონალიზმი გამოძიებაში და მეტი სინათლე პროკურატურაში.”ნაციონალური მოძრაობა” დღესაც წლების მანძილზე გამოყენებულ ხერხს იყენებს, როცა უნდა რაიმე საკითხის გატანა, ამას ისინი ევროპელების ენით აკეთებენ და მერე ამბობენ-აი, ევროპამ თქვა. ჩვენ ვართ ქვეყანა, პატარა, მაგრამ მაინც ქვეყანა და არ უნდა ჩაერიოს არავინ მის საშინაო სამზარეულოში, თუ რა თქმა უნდა ამას ჩვენ არ ვთხოვთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვყავს არა მეგობრები, არამედ პარტნიორები. ამ პარტნიორული ურთიერთობიდან იგენებ ისინიც და ვიგებთ ჩვენც, ცალსახად არ არსებობს”.