როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ დაუშვებენ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას, რადგან ამით ქალაქს ფუნქცია აღარ დარჩება და განვითარებას შეწყვეტს. აქციას შეუერთდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებიც, რომლებსაც საკმაოდ ემოციური შეხვედრა მოუწყვეს აქციის მონაწილეებმა.
დავით ბაქრაძემ პარლამნეტის ქუთაისში ასებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი გადავა,ქუთაისი აღარ იქნება პოლიტიკური ცენტრი. მას შემდეგ კი რაც შემოვლითი გზა გაკეთდება, ქალაქი ჩიხში მოექცევა რომლიდანაც გამოსვლას ვერ შეძლებს.
“აქ დღეს ის ნაწილი ხართ მოსული, ვინც მიიჩნევთ, რომ ამ ქალაქს განვითარება სჭირდება და სიცოცხლე, რომ რაღაც ფუნქცია შეინარჩუნოს.მე ერთი რამე ვიცი თბილისში ვარ დაბადებული გაზრდილი, მაგრამ არასდროს დამიწუწუნია და არასდროს დავიწუწუნებ, რომ ქუთაისში მიწევს სამუშაოდ სიარული. რატომ იმიტომ რომ სჭირდება ეს ამ ქალაქს.გაისად თუ ეს პროექტი დამთვარდა, თუ პარლამენტი წავიდა, თუ ეს პოლიტიკური ცენტრი აღარ იქნა. გზას კი ნელა აკეთებენ მაგრამ, როცა გააკეთებენ, გვერდს აუვლის ქალაქს. არაფერი ფაქტიურად არ დარჩება. ის იდეა, რომ ქუთაისს ფუნქცია ქონდეს, ცენტრი იყოს აქტივობა ქონდეს ეს ყველაფერი დამთავრდება. აღარც პარლამენტი იქნება აღარც პოლიტიკა, გზაც გვერდს აუვლის ჩაკვდება ქუთაისი ჩიხად დარჩება”, _ განაცხადა დავით ბაქრაძემ აქციაზე .
აქციის მონაწილეები კი მთავრობის სურვილს, პარლამენტი ქუთაისიდან გადატანის შესახებ, უბრალო ახირებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ დროა საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვას ამ ახირებაზე და პარლამენტი ქუთაისში დარჩეს, როგორც ქალაქის განვითარების სიმბოლო.
შეგახსენებთ რომ საკონსტიტუციო ცვლილება იგეგმება, რომლის თანახმად კონსტიტუციიდან ის მუხლი ამოდის, სადაც პარლამენტის სხდომების ჩატარების ადგილად ქუთაისია მითითებული. ამ ნორმის გაუქმება ავტომატურად, საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან გადატანას გულისხმობს. სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ ქუთაისში და აცხადებენ, რომ აქციები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და ადგილობრივები, ქალაქიდან პარლამენტის გადატანას არ დაუშვებენ. თუმცა, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა რომ ამ პროცესს ხელს არაფერი შეუშლის და პარლამენტი, რამდენიმე თვეში აუცილებლად თბილისში განაგრძობს მუშაობას.