მათ მიერ მოწოდებულ ოქმებში ჩანს, თავდაპირველად როგორ უწერია ნათელაშვილს 507 ხმა, ხოლო მეორე ოქმი, როგორც ნათელაშვილის პარტიის წარმომადგენელი აღნიშნავს, ჩასწორებულია და გაყალბების შემდეგ, მხოლოდ 7 ხმა რჩება.
“ის, რაც მოხდა ოზურგეთის სოფელი ხრიალეთში, 49-ე უბანზე, გაყალბების კლასიკური ნიმუშია. პირველად ოქმს გადაუღო სურათი კომისიის წევრმა, სადაც შალვა ნათელაშვილს უწერია 507 ხმა, მარგველაშვილს 63 ხმა, ბაქრაძეს 9 ხმა, ბურჯანაძეს 4 ხმა. ეს არის ოფიციალური ოქმი, რომელიც შემდეგ გააყალბეს და გადააწერეს. შალვა ნათელაშვილს ჩამოართვეს ეს 500 ხმა და დარჩა 7 ხმა და ეს 500 ხმა ბატონ მარგველაშვილს დაუმატეს. ანუ გაყალბებული შედეგები არის აღნიშნული მეორე ოქმშიც,” _ აცხადებს “გურია ნიუსთან” საუბრისას ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.
ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი კი გაყალბების შესახებ ლეიბორისტების განცხადებას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“500 ხმა სულ მიიღო ნათელაშვილმა მთელ რაიონში და საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, არ ვიცი. მის წარმომადგენელს გავატანეთ ოქმი, 49-ე უბანზე ნათელაშვილს აქვს 7 ხმა მიღებული და საიდან მოაქვთ ეს ოქმები არ ვიცი რა, ამ პროცესებს ჰქონდა თავისი ვადები და გაესაჩივრებინათ მაშინ, არ გააკეთეს და მე არ ვიცი. ჩემამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა, არც არავის საჩივარი არ დაუწერია და არც მოუმართავს ჩემთვის. ოქმში ყველაფერი რიგზეა,” _ უთხრა “გურია ნიუსს” თენიეშვილმა.