(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ სომეხი ეროვნების მომღერალი სონა შახგელდიანი, რომელიც იურმალაში მუსიკალური საერთაშორისო კონკურსის “ახალი ტალღა 2010_ის” გამარჯვებული გახდა, ზღვისპირა ბათუმს სტუმრობდა. ის რესტორან “თაუნში” სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები 40 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ.
_ ოთხი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სკოლა დავამთავრეთ. დღეს, ყველანი ბავშვობის წლებს ვიხსენებთ. დილით მშობლიურ სკოლაში შევიკრიბეთ, შემდეგ გარდაცვლილი მეგობრების საფლავები მოვინახულეთ, სადაც პანაშვიდი გადაიხადა მამა ბასილმა (კვირჩილაძემ), მერე ბათუმში წავედით. ჩვენმა კლასელმა, ჰამლეტ ამირხანიანმა სიურპრიზი მოგვიწყო და “ახალი ტალღის” გამარჯვებული სონა შახგელდიანი მოიწვია, საქართველოდან კი რამდენიმე სიმღერა “ჯეოსტარელმა” თამუნა მიქელაძემ და “საბავშვო ევროვიზიის” შიდა შესარჩევი კონკურსის ფინალისტმა თიკო შარაშენიძემ მოგვიძღვნეს. ეს დღე თითოეულ ჩვენგანს ძალზე ლამაზად დაამახსოვრდება, _ გვითხრა ერთ_ერთმა კურსდამთავრებულმა ირინა გოგუაძემ.
რაც შეეხება სონას, ის ძალიან მოიხიბლა ბათუმით: _ მიყვარს საქართველო და ქართული სიმღერები. სანამ გავხდებოდი “ახალი ტალღის გამარჯვებული”, ეს შესანიშნავი კონკურსი ქართველმა წყვილმა დუეტმა “ჯორჯიამ” მოიგო. ისინი კარგი მომღერლები არიან. ასევე, მიყვარს ნინო ქათამაძის მიერ შესრულებული სიმღერები. ერთ_ერთ სიმღერას, რომელიც უზომოდ მომეწონა, მეც ვასრულებ, _ გვითხრა სონამ.