სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, მასალა უკვე გადაგზავნილია ჰაბიტოსკოპიურ (ფოტო და ვიდეო მასალის მეშვეობით პიროვნების იდენტიფიცირება) ექსპერტიზაზე. დამატებით კი ცხედარს ოჯახის მოთხოვნით ჩაუტარდა ალტერნატიული ექსპერტიზა, რომლის დასკვნები ორ კვირაში გახდება ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის პასუხი ოფიციალურად ძველაიებთან ჯერ არ მისულა, გარდაცვლილის მამა უნდობლობას უცხადებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას და აცხადებს, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა დაამტკიცოს, რომ მისი შვილი მოკლულია.
“მე ამ დასკვნას საერთოდ არ ვენდობი, უნდობლობას ვუცხადებ, როგორც დასკვნას, ისე კადრების ნამდვილობას. სხვა ადამიანის სახეს მაჩვენებენ და მიმტკიცებენ შენი შვილიაო, ეს დასკვნაც ხომ მაგათმა გააკეთეს, სუბარი რომ ამბობს, მოვიდნენ, ფირებს მივცემთ და ექსპერტიზაზე თვითონ შეამოწმონო, მე როგორც გავიგე ამ პროცესს უნდა 2 მილიონი დოლარი და ისიც შეღავათით. ძალიან კარგად იციან, რომ ასეთი თანხა არ მაქვს და ამიტომაც არიან დიდ გულზე. ხომ ამტკიცებენ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა, მე დავამტკიცებ, რომ გოგა მოკლეს. ვთხოვ რუს, საზღვარგარეთელ ჟურნალისტებს, ექსპერტებს ჩაატარონ დისკუსიები, გამოიძიონ ეს საქმე. აი, მაშინ გახდება მტყუანი და მართალი ცნობილი და მერე სირცხვილით სად წავლენ. სხვა გზა არ დამიტოვეს, ქართველები არ მეხმარებიან, უცხოები მაინც დამეხმარებიან!” _ აცხადებს თენგიზ ძველაია.





































































