“ვინაიდან ათონელის ქუჩაზე რეზიდენციის მშენებლობა ჯერ არ არის დასრულებული, პრეზიდენტი იქნება მთავრობის კანცელარიის საპრეზიდენტო ფლიგელში, აქვე განთავსდება პრეზიდენტის აპარატი. გამომდინარე იქიდან, რომ აპარატი მრავალრიცხოვანია, თუ ვერ მოთავსდებიან შეუძლიათ გამოიყენონ პარლამენტის საპრეზიდენტო ფლიგელი უკვე თბილისში”.
კითხვაზე, შეიცვლება თუ არა მინისტრთა კაბინეტი, ხიდაშელმა ყველას ურჩია არ გაუსწრონ მოვლენებს და დაელოდონ, როცა ახალი პრემიერი პარლამენტის წინაშე წარადგენს მთავრობის შემადგენლობას, თუმცა დაამატა, რომ კონსულტაციებიდან გამომდინარე ფიქრობს ამ ეტაპზე დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ.
“ეს ორი დღეა ყველას აინტერესებს ვინ იქნება შსს მინისტრი, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ანზორ ჩუბინიძე ნამდვილად არ იქნება. მე ზუსტად ვიცი ვინ იქნება საქართველოს ახალი შსს მინისტრი, მაგრამ არ მაქვს უფლება ჯერ საჯაროდ გავახმაურო”.
დაიშლება თუ ერთიანობას შეინარჩუნებს კოალიცია და მოახერხებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლას? ამ თემებზე საუბრისას ხიდაშელმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილმა თავიდანვე დაამტკიცა, რომ არის დამოუკიდებელი და საკმაოდ ძლიერი ადამიანი, ასე რომ არ დარჩენილა არავის ჩრდილქვეშ და თავისი ინიციატივებით და მუშაობით საკმაოდ ძლიერი სტრუქტურა შექმნა.
“არასწორია ფორმულირება, რომ კოალიცია გაერთიანდა ივანიშვილის გამო. კოალიცია გაერთიანდა ლიდერის, ივანიშვილის გარშემო და თუ თვალს გადაავლებთ განვლილ წლებს, დაინახავთ, რომ კოალიციაში შემავალი ყველა ძალა, მწერველების გარდა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ყოველთვის ერთად იდგნენ გნებავთ არჩევნების და გნებავთ ქუჩის აქციების დროს. წაგების დროს კოალიცია კარგავდა თავის ფუნქციას, აღარ ჰქონდა აზრი გაერთიანებას და ამიტომ ხდებოდა დაშლა, დღეს კი ჩვენ გავიმარჯვეთ და სახელისუფლებო ტვირთი გვაწევს, რომელიც ერთად უნდა ვზიდოთ ბოლომდე შემდგომი გამარჯვებისთვის. ასე რომ ერთად ვაგრძელებთ მუშაობას და ივანიშვილის წასვლაც სწორედ ამას ითვაისწინებს, რომ დაანგრიოს ერთი კაცის სტერეოტიპი და კოალიციასაც და ქვეყანასაც ჰყავდეს რამდენიმე ლიდერი, დასრულდეს საქართველოში ერთპიროვნულობა”.