პროკურატურაში ადეიშვილის კადრების დაბრუნების გამო კბილაშვილი არაერთხელ გააკრიტიკეს, თუმცა თავად ამ ნაბიჯს არა ყბადაღებული კოაბიტაციით, არამედ მათი პროფესიონალიზმით ხსნიდა. გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობების დატოვება ბევრ მათგანს მოუწევს.
“20 წელზე მეტია მათ ვიცნობ და მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება” – ასეთი კომენტარი გააკეთა კბილაშვილმა როდესაც შიდა ქართლის საოლქო პროკურორის პოსტზე ადეიშვილის კადრი კახა ლაითაძე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად კი ადეიშვილის დროს საგამოძიებო ნაწილის უფროსი ლაშა ლეთოდიანი დანიშნა, მანვე დააბრუნა პროკურატურაში რუსთავის ყოფილი მერი და ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის დათო კირკიტაძის უახლოესი მეგობარი ზაქრო დარჩიაშვილი.
მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ “უწყებაში ამ ეტაპზე საკადრო გადადგილებების საკითხი არ დგას, რადგან კბილაშვილი მთავარი პროკურორის პოსტზე 17 ნოემბრამდე დარჩება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ვინ შეინარჩუნებს და ვინ დატოვებს თანამდებობას”, _ აღნიშნა პაიჭაძემ