“დღეს ყველაზე აქტუალური თემაა სამართლიანობის აღდგენა, ხალხი მოუთმენლად ელოდებოდა ამ პროცესის დაწყებას. კბილაშვილი ვაჟკაცურად მოიქცა და თავისი ნებით გადადგა, მაშინ როცა საკმაოდ რთულ პერიოდში მაინც შეძლო გარკვეული ნაბიჯების წინ გადადგმა, თუმცა არ მიეცა საშუალება არსებული ვითარებიდან გამომდინარე შესაბამისი რეფორმები გაეტარებინა სამართლიანობის აღდგენის კუთხით.
დღეს აუცილებელია იუსტიციის მინისტრმა მიბაძოს მთავარ პროკურორს და თუ ოდნავ მაინც შერჩენია სინდისი, გადადგეს, ვინაიდან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. გიგი კალანდაძე, რომელიც ნამდვილად ციხეში უნდა იჯდეს, დღეს წულუკიანის შეცდომის გამო თავისუფალია, რადაგან მისთვის ბრალი უნდა წაეყენებინა არა რიგით პროკურორს, არამედ იუსტიციის მინისტრს. ამით წულუკიანმა “ნაციონალებს” და თავად კალანდაძეს მისცა სალაპარაკო და ფაქტობრივად აჩუქა თავისუფლება. სახეზეა სამსახურებრივი გულგრილობა კალანდაძის საქმესთან მიმართებაში. კალანდაძე მოიგებს სტრანსბურგში პროცესს და სახელმწიფოს დაეკისრება ზარალის ანაზღაურება.
იგივე დარჩა მოსამართლეთა კორპუსი, არაფერი გაკეთებულა კერძო იპოთეკარებთან დაკავშირებით, წულუკიანს დღემდე არ აღუდგენია სამსახურში სააკაშვილის რეჟიმის დროს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო გათავისუფლებული თანამშრომლები. გვაქვს ინფორმაცია, რომ მას არ აქვს კონტაქტი თანამშრომლებთან. ერთი სიტყვით, ყველა ფუნქცია, რაც დაკისრებული ჰქონდა, შეუსრულებელი დარჩა,” _ აცხადებს მჟავანაძე.
“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რადგან წუკულიანს არ სურს ნებაყოფლობით გადადგეს, ამიტომ მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, შეცვალოს იუსტიციის მინისტრი, წინააღმდეგ შემთხვევაში მჟავანაძის განცხადებით, კიდევ ბევრი სიურპრიზის მოწმე გახდება საზოგადოება.