“სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო” 2013 წლის დეკემბრიდან სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას დაიწყებს. ამ ეტაპზე კი, სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლოების უკეთ ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონებში გამართავენ.
ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტი გახდა. დარგის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო პროგრამა განხორციელდა.საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2013 წლის 12 ივლისს, საკანონმდებლო ორგანომ “სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესახებ” კანონი მიიღო. კანონის თანახმად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო”, რომელიც კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.