“8 ნოემბერს, საღამოს საათებში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი (შესარჩევი) ტურის ტესტური დავალებები. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება უშუალოდ სკოლების მიერ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული მასალებით. ტესტების კონფიდენციალურად შენახვაზე თავად სკოლაა პასუხისმგებელი.
სამწუხაროა, რომ ერთი (ან ერთეული) არაკეთილსინდისიერი ადამიანის ქმედებამ მორალური ზიანი მიაყენა ოლიმპიადის ყველა მონაწილეს, ასევე პროცესის მიმდინარეობაზე პასუხისმგებელ სკოლებს.
ჩვენ თავს ვიკავებთ ამ ფაქტის შეფასებისაგან, რადგან ეს სცილდება ცენტრის კომპეტენციას და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად დაველოდებით საბოლოო ინფორმაციას.
მართალია ვაცნობიერებთ, რომ პირველი ტურის დადგენილი გრაფიკით ჩატარება ქმნის გარკვეულ უხერხულობას და ვითვალისწინებთ იმასაც, რომ, მომხდარიდან გამომდინარე, შესაძლებელია ზოგიერთი მოსწავლე დაუმსახურებლად აღმოჩნდეს მეორე ტურის მონაწილე, ვფიქრობთ, მომდევნო ტური, რომელიც უშუალოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ტარდება, ვითარების გამოსწორების კარგი საშუალებაა (მოსწავლე, რომელიც დაუმსახურებლად გადავიდა ოლიმპიადის ამ ეტაპზე, ვერ დაძლევს მეორე ტურისათვის განკუთვნილ დავალებებს. მოსწავლეები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და უნარები, შეძლებენ გააგრძელონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა)”.