ბოლო პერიოდში, თბილისის მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ პრობლემად იქცა ქალაქში მომრავლებული სათამაშო აპარატები, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკოლების მიმდებარე ტერიტორიასა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში დგას, სადაც არასრულწლოვანთა მოჭარბებული რაოდენობა ფიქსირდება. სათამაშო აპარატები მოზარდებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვადასხვა რბილი სათამაშოს მოგების საშუალებას აძლევს. ბოლო დროს, სათამაშოებს სიგარეტები მიემატა, რომლებიც ბონუსად მოყვება მოგებულ სათამაშოს. მოგეხსენებათ, რომ არასრულწლოვანთათვის თამბაქოს მიყიდვა კანონით იკრძალება. თუმცა, ამ ფორმით საკმაოდ მარტივია მოზარდთა ცდუნება და მწეველთა რიგებში ჩათრევა.
ჩვენ თბილისის მერიისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია სათამაშო აპარატების დადგმაზე, ნებართვების გაცემისა და მისი რეგულაციების შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შევიტყვეთ, რომ თბილისის მერია მხოლოდ ნებართვებს გასცემს, კანონის დაცვა კი, სათამაშო აპარატის მესაკუთრეს ევალება. აშკარაა, რომ სათამაშო აპარატების მფლობელები, კანონს უხეშად არღვევენ და მოზარდებისთვის მწეველად ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის რეგულირება უმოკლეს ვადებში საჭიროებს გამკაცრებას. აუცილებელია შესაბამისი სამსახურების მიერ განხორციელდეს მონიტორინგი და ამ ფაქტების აღკვეთის მიზნით გატარდეს უმკაცრესი ზომები. აშკარაა, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ჩვენი მომავალი თაობის ხარჯზე „ბიზნესს“ აკეთებს, კანონდარღვევას რომ თავი დავანებოთ, მოზარდებს უბიძგებს ადრეული ასაკიდან გახდეს თამბაქოზე დამოკიდებული.
მივმართავთ შესაბამის სამსახურებს, გამოიჩინონ სათანადო ყურადღება, გამოავლინონ კანონდამრღვევი კომპანიები და გაატარონ სადამსჯელო ღონისძიებები.
“ადამიანი, კანონი, თავისუფლება” აგრძელებს ამ მიმართულებით მონიტორინგს და გარკვეული ოდენობით კონკრეტული ფაქტების შეგროვების შემდეგ დოკუმენტაციას ოფიციალურად მივაწვდით შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ რეაგირებისთვის.