“გვინდა შეგახსენოთ, რომ ადვოკატის პირდაპირი და ცალსახა ვალდებულებაა დაიცვას პროფესიული საიდუმლოება და ამასთანავე, კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაავრცელოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ინფორმაცია, აღნიშნული ცვლილება, კი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ადვოკატის ამ მთავარ ვალებულებასთან.” _ აცხადებენ “დემოკრატიულ მოძრაობაში”.
მათივე თქმით: “საღ აზრსაა მოკლებული ასევე, “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტში შეტანილი ცვლილება, სადაც მონიტორინგის განმახორციელებელ წრეს ადვოკატის ინსტიტუტიც დაემატა; რომელიც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებული იქნება მოახდინოს თავისი კლიენტების ანუ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია; გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა.”
ადვოკატი რეალურად მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ამგვარი მონიტორინგი, გარდა ამისა ხდება პასუხისმგებლობის დუბლირება, რადგან მონიტორინგის განმახორციელებელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ნოტარიუსები და ა. შ. ისედაც აწვდიან ამ ინფორმაციას სახელმწიფო მონიტორინგის სამსახურს.
“დემოკრატიული მოძრაობა” ყოვლად დაუშვებელად მიიჩნევს სახელმწიფოს ჩარევას კლიენტისა და უფლებადამცველის ურთიერთობაში.
მათ მიაჩნიათ, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები გამიზნულად ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებას და ადვოკატის ინსტიტუტის ჩამოშლისკენაა მიმართული.
“კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დაუშვებელია ადვოკატის დავალდებულება კონფიდენციალური ინფორმაციის გათქმაზე. მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში დაცულია პროფესიული საიდუმლოება. მით უმეტეს, ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა ნდობისა და კონფიდენციალურობის ქვაკუთხედზე დგას.
“დემოკრატიული მოძრაობა” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ცვლილებებს, მოუწოდებს დეპუტატებს, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში დაკავებულნი იყვნენ უფლებადაცვითი საქმიანობით, რომ არ მისცენ ხმა ადვოკატის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ვინაიდან მათ ყველაზე უკეთ ესმით, თუ როგორ მდგომარეობაში აყენებს უფლებადამცველებს ამგვარი უსამართლო კანონცვლილება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ”საქართველოს კანონსა და “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებთან დაკავშირებით საიამ სპეციალურ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, კანონპროექტის მომზადების პროცესი არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და არ მომხდარა მასში ადვოკატების ჩართვა.
“ადგილი არ ჰქონია ადვოკატების მოსაზრებების მოსმენას, დოკუმენტის დეტალურ განხილვასა და ჯეროვან დისკუსიებს. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირის განმავლობაში გეგმავს კანონპროექტის უკვე მეორე მოსმენით მიღებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით, საპარლამენტო განხილვები უნდა გახანგრძლივდეს და დოკუმენტის მეორე მოსმენით მიღებაც უნდა გადავადდეს. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის პრევენციის მიზნით აღნიშნული კანონპროექტი ადვოკატებს მონიტორინგის განმახორციელებელ პირებად მიიჩნევს ცალკეულ გარიგებებთან მიმართებაში (ესენია: უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვა, ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა, საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა, იურიდიული პირის შექმნისათვის, საქმიანობისათვის ან მართვისათვის შენატანების ორგანიზება, იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა, იურიდიული პირის (წილის) ყიდვა–გაყიდვა). შესაბამისად, ამ გარიგებებთან კავშირში ადვოკატებს დაეკისრებათ შემდეგი ვალდებულებები: გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა კანონითა და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. ამავდროულად, კანონპროექტში მითითებულია, რომ ადვოკატი ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშის ფორმას აგზავნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს. ადგილობრივი კანონმდებლობით ადვოკატის პროფესიული საიდუმლოება ყოვლისმომცველია. კონფიდენციალობის ვალდებულება ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე“ _ ნათქვამია “საიას” განცხადებაში.






























































