“მითხრეს სხვა ადმინისტრატორი უნდა მოვძებნოთ და აღარ მოხვიდეო. შევხვდი კლუბის დირექტორ კობა მირზაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი სამსახურიდან გაშვების შესახებ გადაწყვეტილება გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ურუშაძესთან შეთანხმებით მიიღო. ალბათ მიზეზი ისაა, რომ მე ფედეერაციის არჩევნებზე ხმა კახა ებრალიძეს მივეცი”, _ ამბობს ბარამიძე.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ კლუბ “გურიას” ადმინისტრაციაში არჩევნები ჩატარდა, სადაც ერთ-ერთი დელეგატი მამუკა ბარამიძე იყო. მან კლუბისთვის ნაკლებად მისაღებ კანდიდატ კახა ებრალიძეს დაუჭირა მხარი. მისი სამსახურიდან განთავისუფლებაც სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ, ორ დღეში მოხდა.
თუმცა ბარამიძის გათავისუფლებასა და აღნიშნულთან კავშირს უარყოფს კლუბ “გურიას” დირექტორი კობა მირზაშვილი.
“ვინ თქვა რომ სამსახურიდან გავუშვით?! მისი ხელშეკრულება ისევ ჩემთან დევს, რომელსაც ვადა 20 დეკემბრამდე აქვს. მართალია მან თავისი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილი საბოლოოდ რას ვიზამთ”, _ აცხადებს მირზაშვილი.
იგი ასევე უარყოფს, გადაწყვეტილების გამგებელთან შეთანხმებას.
“რა სისულელეა, ეს გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო და აქ გამგებელი არაფერ შუაშია, მისი სახელი არც არავისთან გვიხსენებია”.
აღნიშნულ საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძეც და ამბობს, რომ ის საერთოდ არ იცნობს ბარამიძეს.
“ვინ არის ბარამიძე? საერთოდ არ ვიცი. მე საიდან უნდა ვიცოდე, ვინ გაუშეს სამსახურიდან? შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ არ ჩავრეულვარ მაგ საქმეში. პირველად მესმის მამუკა ბარამიძის სამსახურიდან გაშვების ამბავი”, _ ამბობს ურუშაძე.
კლუბის თითქმის ყველა წევრი პირად საუბარში ადასტურებს, რომ ბარამიძის სამსახურიდან გაშვება კლუბში არჩევნების მეორე დღეს, კობა მირზაშვილმა ბრძანა. ასევე, ადასტურებენ, რომ გამგებელიც საქმის კურსში იყო, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბრისგან თავს იკავებენ.