ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 119–ე მუხლით წარიმართა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3–დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, რათა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის ნაცვლად აღმკვეთ ღონისძიებად 2000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეფარდებოდა. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გულორდავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
კონსტანტინე გულორდავამ გირაო გადაიხადა, რის შემდეგაც სასამართლო დარბაზი დატოვა.
გათავისუფლებულის ახლობლები, რომლებიც სასამართლოს ეზოში ელოდებოდნენ პროცესის დასრულებას, აღნიშნავენ, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო გულორდავას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა რომ არ შეუფარდა. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ არც გირაოს გადახდა უნდა შეფარდებოდა. თავად გულორდავას კომენტარი არ გაუკეთებია.
პოლიციელი გოგა ანჩაბაძე ჯერ-ჯერობით საავადმყოფოშია. მას გაუპატიურების მცდელობის მუხლით გაასამართლებენ.