შეხვედრებზე ყურადღება უმთავრესად გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ვილნიუსის სამიტისთვის განსაზღვრულ მიზნებსა და სამიტის შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ გეგმებზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებისათვის და მისი ხელმოწერისათვის 2014 წლის შემოდგომაზე.
შეხვედრებისას საუბარი შეეხო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესს და გამოითქვა მოლოდინი, რომ ვილნიუსის სამიტი დადებითად შეაფასებს საქართველოს პროგრესს ამ მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ვილნიუსის სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც მისცემს საქართველოს საშუალებას ჩაერთოს ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების მართვის მისიებში და ასევე, წლის ბოლომდე გაფორმდება ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობის შესახებ ოქმი, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების კუთხით.
“ეს იყო ბოლო შეხვედრა ვილნიუსამდე, რომელზედაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ, შეუცვლელად და შეუქცევადად დადასტურდა, რომ ვილნიუსში მოხდება ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. გარდა ამისა, ჩვენ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემსწავლელი მისია იყო საქართველოში ჩამოსული და ძალიან დადებითი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა ბრიუსელში. ჩვენი სურვილია, რასაკვირველია, რომ ვილნიუსში ერთობლივ დეკლარაციაში ეს მიღწეული შედეგიც აღინიშნოს,” _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.