ხარატიშვილი ოზურგეთში
35 რეკომენდაცია ეუთოსგან, ხარვეზები საარჩევნო კოდექსში, ნაკლები პოლიტიკური კულტურა და კონკურენცია, დახარჯული მილიონები და სამი არჩევნები მომავალ სამ წელში, _ ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა ოზურგეთში 7 ივლისს ისაუბრა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, #60 საარჩევნო ოლქში სამსაათიანი შეხვედრის დროს, ფაქტობრივად, გასულ არჩევნებზე არსებული დარღვევების თაობაზე, არც ერთი ოპოზიციური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს არ უსაუბრია. მეტიც, შეიძლება ითქვას, მათი მხრიდან დასმული სულ რაღაც რამდენიმე შეკითხვა საარჩევნო გარემოს შეცვლასა თუ საარჩევნო კოდექსში არსებულ ხარვეზებს არ ეხებოდა _ შეკითხვები ძირითადად პირადი ხასიათის იყო და საქმიან გარემოს ნაკლებად ესადაგებოდა.
ცესკოს თავმჯდომარე, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლებს ორი დღის განმავლობაში ხვდებოდა.