“შეგიძლიათ თავად იხილოთ ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირება, სადაც მკაფიოდ წერია, რომ ისინი ჰპირდებოდნენ მოსახლეობას დიდი კაშხლების მშენებლობის აკრძალვას. ამ დაპირების შესრულებას მოვითხოვთ მათგან. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით “გრინფისის ჯგუფის” მხარდამჭერები . აღნიშნულ პოზიციას გამოვხატავდით სააკაშვილის დროსაც და ხელისუფლების ცვალებადობასთან ერთად პრინციპები და ღირებულებები არ უნდა იცვლებოდეს. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ივანიშვილი და მარგველაშვილი დაგვიტბორავს სვანეთს და ლეჩხუმს თუ მიხეილ სააკაშვილი?! საქართველოს არა აქვს ფუფუნება დიდი კაშხლების მშენებლობისა. ჩვენ გვაქვს მრავალი სხვა რესურსი, რომელიც არ იწვევს ეკლესიების, ბუნებრივი ეკოსოსიტემების და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის განადგურებას. სწორედ ისინი უნდა გამოვიყენოთ და არა თურქეთში ელექტროენერგიის გასაყიდად იქნეს განწირული ყოველივე ის, რისგანაც შედგება სამშობლო და რაც ღირებულია ჩვენთვის,” _ უთხრა “გურია ნიუსს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ლაშა ჩხარტიშვილმა.
ენერგეტიკოსთა კავშირის თავმჯდომარე მირონ ფირცხელანი კი მიიჩნევს, რომ სვანეთის დატბორვა და მოსახლეობის გასახლება საქართველოს საზღვრების სამხრეთით გადმოწევას ემსახურება.
“ჩვენი დღევანდელი სიმბოლური აქცია მოუწოდებს ხელისუფლებას და მათ შორის ახალ პრეზიდენტს იმისაკენ, რომ თუკი ისინი ამბობენ რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, მაშინ ხალხის აზრი უნდა გაიგონ. ის ფაქტი, რომ სვანეთის მოსახლეობა უნდა გადასახლდეს და ამით უცხოელებმა დიდი შემოსავლები მიიღონ, ეგ არ მოხდება. ხელისუფლება საქართველოს მთიანეთის მთლიანად გადასახლებას და საქართველოს საზღვრების კიდევ უფრო სამხრეთით გადმოწევას გეგმავს, რის უფლებასაც მათ ვერ მივცემთ. თუ დღევანდელი ხელისუფლება ამას ვერ ხვდება, მაშინ რა განსხავავებაა წინა ხელისუფლებასა და ამ ხელისუფლებას შორის?! თუ ამას მაინც ეცდებიან, მათთვის ძალიან მძიმე ფაქტი დადგება და ვწუხვართ, რომ ქართველ ერს კიდევ ერთხელ მოუწევს ქუჩაში გამოსვლა,” _ ამბობს ფირცხელანი.